ჩვენი ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტია ქალაქის თანამონაწილეობითი მართვა. ჩვენი ამოცანაა, ხელი შევუწყოთ მართვის პროცესში თბილისელების ჩართულობას. შესაბამისად, თბილისის ბიუჯეტი თბილისელებთან ერთად დაიგეგმება.
თბილისში 2022 წლის 1 იანვრიდან დაინერგება მექანიზმი, რომელიც უზრუნველყოფს გადაწყვეტილებების მიღებისას მოქალაქეთა მაღალ ჩართულობას.
თბილისის ყველა მოქალაქეს ექნება შესაძლებლობა, მონაწილეობა მიიღოს როგორც ქალაქის ბიუჯეტის პრიორიტეტების განსაზღვრაში, ასევე, უბნებში განსახორციელებელი პროექტების დაგეგმვასა და მათი შესრულების მონიტორინგში.
1. ახალი ტიპის ბიუჯეტირება: მოქალაქეებს მიეცემათ საშუალება, თავად გადაწყვიტონ, რომელ პროექტშია უმჯობესი ქალაქის ბიუჯეტიდან ინვესტირება. მოქალაქეს შეეძლება ამ პროექტების თანაინვესტორობა და აქედან შემოსავლის მიღება. ამისთვის ბიუჯეტიდან კრიპტო-აქციები/კოინები გაიცემა;
2. სამოქალაქო მონიტორინგის მექანიზმები: მოქალაქეები და არასამთავრობო ორგანიზაციები ახალი ტექნოლოგიების გამოყენებით (wiki-მონიტორინგი) გადაწყვეტილების მიღებისა და მონიტორინგის პროცესში ჩაერთვებიან. დარღვევების აღმოჩენის შემთხვევაში, ისინი მიიღებენ ფინანსურ ანაზღაურებას დამრღვევზე დაკისრებული ჯარიმებიდან;
3. დაინერგება პროექტულად მართვის პრინციპები. მოხდება სერვისების დებიუროკრატიზაცია.
პარალელურად, ჩვენი საკრებულოს გუნდის ინიციატივით, თბილისის საკრებულოში იარსებებს "მოქალაქის საათი", სადაც მოქალაქე შეძლებს საკრებულოს წევრების წინაშე საკუთარი იდეით/პრობლემით/წინადადებით წარდგომას. ამისათვის განისაზღვრება სპეციალური დრო, რათა ადამიანებს ჰქონდეთ შესაძლებლობა, მათი ხმა ქალაქის მთავარ საკანონმდებლო/სათათბირო ორგანოში გაისმას. იქვე გადაწყდება, რომელი სამსახური იზრუნებს პრობლემის მოგვარებაზე. მოქალაქეთა პრობლემები მარტივი, და არა ამჟამად არსებული - რთული ბიუროკრატიით გადაიჭრება; იდეის ან ინიციატივის შემთხვევაში, საკრებულოს წევრები იქვე იმსჯელებენ და დაგეგმავენ მისი განვრცობის, განხორციელების გზებსა და მექანიზმებს. ამ მექანიზმს გამოვიყენებთ აგრეთვე, ბიუჯეტის განხილვისას: ბიუჯეტი დაიგეგმება მოქალაქეთა ჩართულობით, ქვემოდან ზემოთ წამოსული იდეებით და არა - პირიქით. რეალური თვითმმართველობების დამოუკიდებლობამდე, რაც ჩვენი პრიორიტეტი და გრძელვადიანი გეგმაა, გვინდა, მოქალაქეთა ჩართულობით თვითმმართველობა ვაქციოთ რეალურ ბერკეტად - ადგილებზე სიტუაციის შესაცვლელად, დედაქალაქის მცხოვრებთა გასააქტიურებლად, მათი თანამონაწილეობის გასაზრდელად.