შეადარეთ პოლიტიკური პროგრამები თემატურად
თამარ კეკენაძე - მესამე ძალა

განათლების ხარისხის გასაუმჯობესებლად სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია საჯარო სკოლებისა და ბაღების პოლიტიკური წნეხისგან გათავისუფლება და მმართველობითი თუ ფინანსური დეცენტრალიზაცია. შეუძლებელია განათლების მიღწევებზე საუბარი, როდესაც ბაღის აღმზრდელ-პედაგოგის ხელფასი საარსებო მინიმუმზე დაბალია და 220 ლარს შეადგენს. ადამიანებს, რომლებსაც ასეულობით  აღსაზრდელი აბარიათ, ბოლო 8 წელიწადში ხელფასი მხოლოდ 15%-20%-ით გაეზარდათ.

 

ჩვენი გუნდის ინიციატივაა საბავშვო ბაღების ვაუჩერულ დაფინანსებაზე გადასვლა, სადაც სახელმწიფო დაფინანსება ბავშვს მიჰყვება და მშობელი ამ თანხას  საკუთარი შეხედულებისამებრ განკარგავს. ეს პრაქტიკა ხელს შეუწყობს მცირე და საშუალო ბიზნესის განვითარებას, გაზრდის სწავლების ხარისხს, გააჩენს კონკურენციას და რაც მთავარია, აღმოფხვრის ხელმისაწვდომობისა და ადგილების დეფიციტის პრობლემას.

 

სკოლის დეპოლიტიზება და ხარისხზე ორიენტირება შესაძლებელია მხოლოდ თავისუფალი, პროფესიონალური სერვისების შეთავაზებით, სადაც მოსწავლეები, მშობლები და მასწავლებლები სკოლის დირექტორს  პირდაპირი, საყოველთაო და გამჭვირვალე არჩევნებით ირჩევენ. ამგვარი წესით არჩეული საგანმანათლებლო ლიდერები ანგარიშვალდებულნი იქნებიან საკუთარ მოსწავლეებთან, მშობლებთან და მასწავლებლებთან და არა პოლიტიკურ ელიტასთან, როგორც "ზემდგომთან", რომლის ძალაუფლების შენარჩუნება ყოველ არჩევნებზე ტვირთად აწევთ დირექტორებს.

 

ახალგაზრდული ცენტრები, მედიათეკები და თანამედროვე ტექნოლოგიებთან წვდომა ჩვენი პროგრამის ინტეგრირებული ნაწილია.

 

სკოლა არ უნდა იყოს დახშული და ჩაკეტილი ახალი იდეების მიმართ. პოლიტიკური წნეხისგან გათავისუფლება ნიშნავს მოსწავლეების დაინტერესებას სახელმწიფოს მშენებლობის საკითხებით  და არა  პარტიული ზედამხედველობით მათ კონტროლს. პოლიტიკის და სამოქალაქო განათლების სწავლება პრიორიტეტული უნდა გახდეს; სკოლა მოქალაქის აღზრდაზე უნდა იყოს ორიენტირებული, რასაც სჭირდება თავისუფალი პედაგოგი. მასწავლებლები პოლიტიკური შეხედულებების გამო არ უნდა ისჯებოდნენ, უნდა იყვნენ თავისუფალნი და არც ამის საჯაროდ გაცხადების პრობლემა არსებობდეს. სკოლამ უნდა აღზარდოს დამოუკიდებელი, პასუხისმგებლიანი მოქალაქე. ამას სჭირდება ბევრი თავისუფალი და სხვადასხვა პოლიტიკური გემოვნების მქონე პედაგოგი.

მერობის კანდიდატის პოზიცია