შეადარეთ პოლიტიკური პროგრამები თემატურად
კახა კალაძე - ქართული ოცნება

მოქალაქეებისთვის ამ სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი პრობლემის მოგვარებაზე სრულ პასუხისმგებლობას ვიღებთ და თბილისის მასშტაბით ავარიული შენობების ჩანაცვლების პროგრამას ვიწყებთ!

 

  • ჩანაცვლების პროგრამა 2022 წლიდან დაიწყება, რაც გულისხმობს ქალაქის მასშტაბით არსებული საბჭოთა დროინდელი ავარიული შენობების სრულად ჩანაცვლებასა და განახლებას.

  • ჩანაცვლებას დაექვემდებარება ყველა ძველი შენობა, რომელსაც გასული აქვს ექსპლოატაციის ვადა და მინიჭებული აქვს ავარიულობის ხარისხი.

  • ჩანაცვლების პროგრამა თბილისის მერიის დაფინანსებით განხორციელდება. თითოეული ასეთი პროექტი მხოლოდ ყველა მესაკუთრის თანხმობის შემთხვევაში განხორციელდება.

  • პროგრამის ფარგლებში, მესაკუთრეებს თბილისის მერია ახალაშენებულ შენობებში გარემონტებულ საცხოვრებელ ფართებს გადასცემს.

  • მშენებლობის პერიოდში, საჭიროების შემთხვევაში, მაცხოვრებლების ქირით გაყვანას თბილისის მერია დააფინანსებს.

  • კონკურსის საფუძველზე, მუნიციპალიტეტი შეიმუშავებს სტანდარტულ არქიტექტურას, რომელიც მორგებული იქნება კონკრეტული უბნის ვიზუალსა და დიზაინზე. შედეგად, საბჭოთა დროინდელი არქიტექტურა თანამედროვე ქართული არქიტექტურით შეიცვლება.

  • ჩანაცვლების პროგრამის ფარგლებში, არსებული შენობების კონტური არ გაიზრდება, რათა არ მოხდეს ურბანული სივრცეების ზედმეტად ათვისება. ასევე, არ დაიშვება სიმაღლეების არაგონივრული მატება, რაც საშუალოდ 5-სართულიანი შენობების ნაცვლად, საშუალოდ 8-სართულიან შენობებს გულისხმობს.

  • ამ პროგრამის ფარგლებში განხორციელებული თითოეული პროექტი ავტოფარეხების სრულად დემონტაჟს და მათ ნაცვლად რეკრეაციული სივრცეების მოწყობას ითვალისწინებს.

  • ჩანაცვლების პროექტებს ტენდერის საფუძველზე შერჩეული კერძო სამშენებლო კომპანიები განახორციელებენ. შერჩეული კერძო კომპანიები საზღაურის სახით მიიღებენ ნამატ ფართსა და სუბსიდიას მუნიციპალიტეტისგან, რომლის ოდენობაც ტენდერის მეშვეობით განისაზღვრება.

  • ჩანაცვლების შემდეგ, მესაკუთრეების მფლობელობაში არსებული ქონების ღირებულება დაახლოებით 60-70%-ით გაიზრდება.

  • პროგრამის ფარგლებში ყველა მოსახლე იმავე უბანში ახალ, კეთილმოწყობილ და კომფორტულ გარემოში განაგრძობს ცხოვრებას.

  • პროგრამის ფარგლებში მესაკუთრეებს გადაეცემათ ზუსტად იმ ფართობის საცხოვრებელი სივრცე, რასაც დღეს ფლობენ.

  • ყველა ახალი შენობა ენერგო ეფექტური იქნება, რაც მოსახლეებისთვის მნიშვნელოვნად შემცირებულ კომუნალურ გადასახადებს ნიშნავს.
მერობის კანდიდატის პოზიცია