შეადარეთ პოლიტიკური პროგრამები თემატურად
კახა კალაძე - ქართული ოცნება

მომდევნო 4 წლის გეგმაა, გამოვყოთ და განვახორციელოთ 350 000 000 ლარამდე ღირებულების სამუშაოები ძველი თბილისის შემდეგ პროექტებზე:

 

  • გორგასლის ბულვარის რეაბილიტაცია, რაც გულისხმობს მტკვრის მარჯვენა სანაპიროს რეკრეაციული ბულვარის მოწყობას (აბანოთუბნიდან - ორთაჭალჰესამდე). პროექტის განხორციელების შედეგად, ისტორიულ თბილისს 9 ჰექტარი მწვანე სივრცე შეემატება, გაჩნდება ახალი მიზიდულობის კერა ქალაქის ისტორიულ ნაწილში, მოხდება მარჯვენა სანაპიროს დაკავშირება მარცხენა სანაპიროსთან საფეხმავლო ხიდით, გაჩნდება ახალი საფეხმავლო დერეფანი, რაც გაამდიდრებს ტურისტულ მარშრუტს და მნიშვნელოვნად გაუმჯობესდება ეკოლოგიური მდგომარეობა მიმდებარე უბნებში. პროექტის განხორციელებისთვის 150 000 000 ლარი გამოიყოფა.

  • ნარიყალას ციხის რეაბილიტაცია, რაც გულისხმობს ციტადელის სამხრეთის მხარის არსებით სტრატეგიულ მნიშვნელობას და სხვა ღირებულებებს. რეაბილიტაცია მოიცავს სტამბოლის კოშკიდან მოხლეჩილ კოშკამდე სრულ ბმას ბოტანიკურ ბაღში გასასვლელი ე.წ. ცოტა კარით. პროექტის განხორციელების შედეგად წარმოჩნდება ქალაქის პრიორიტეტული ძეგლის დაცვის მნიშვნელობა, გაიზრდება ტურისტული აქტივობა და მდგრადი შემოსავლები. პროექტის განხორციელებისთვის 10 000 000 ლარი გამოიყოფა.

  • ბარათაშვილის გალავნის რეაბილიტაცია, რაც გულისხმობს ქალაქის ისტორიული ნაწილის შემადგენელი კედლისა და 8 შენობა-ნაგებობის სრულ რეკონსტრუქცია/განახლებას, მათ შორის, კულტურული მემკვიდრეობის 7 ძეგლისა. პროექტის განხორციელების შედეგად შენარჩუნდება თბილისის გალავნის კედელი და მოხდება დაკავშირება უკვე რეაბილიტირებულ პუშკინის ქუჩასა და ორბელიანის მოედანთან, გაუმჯობესდება მაცხოვრებელთათვის საცხოვრებელი პირობები და აღნიშნულ უბანში უძრავი ქონების ღირებულება გაიზრდება. პროექტის განხორციელებისთვის 35 000 000 ლარი გამოიყოფა.

  • სულხან-საბასა და ინგოროყვას ქუჩების რეაბილიტაცია, გულისხმობს აღნიშნულ არეალში 24 შენობა-ნაგებობის სრულ რეაბილიტაციას. სექტორი წარმოადგენს ქალაქის ცენტრალურ და განსაკუთრებულ ლანდშაფტურ არქიტექტურულ სივრცეს. ტურიზმის განვითარების თვალსაზრისით, სექტორი განსაკუთრებული მნიშვნელობისაა და მაღალი დატვირთვის არეალს წარმოადგენს. პროექტის განხორციელების შედეგად გაუმჯობესდება მოსახლეობის საცხოვრებელი პირობები, განახლდება მოძველებული და ამორტიზებული საკომუნიკაციო ქსელები, გაჩნდება ახალი ტურისტული მიზიდულობის კერა და გაიზრდება უძრავი ქონების ღირებულება. პროექტის განხორციელებისთვის 84 000 000 ლარი გამოიყოფა.
მერობის კანდიდატის პოზიცია