შეადარეთ პოლიტიკური პროგრამები თემატურად
კახა კალაძე - ქართული ოცნება

მომდევნო 4 წლის განმავლობაში ავაშენებთ და განვაახლებთ 15 პარკს, 300 ჰექტარ ფართობზე აღვადგენთ დეგრადირებულ ტყეს, მინიმუმამდე შევამცირებთ ჰაერის მტვრით დაბინძურებას და დავნერგავთ ნარჩენების სეპარირებული შეგროვების მოდელს. მომდევნო 4 წლის განმავლობაში გარემოს დაცვის მიმართულებით 300 000 000 ლარი დაიხარჯება. ჯანსაღი ქალაქის პროგრამის ფარგლებში განხორციელდება შემდეგი პროექტები:

 

  • თბილისის 15 ახალი პარკი - ჩვენს დედაქალაქში მოეწყობა და განახლდება 15 ახალი პარკი (დეტალური ჩამონათვალი იხილეთ კანდიდატის წინასაარჩევნო პროგრამაში).

  • რეაბილიტაცია ჩაუტარდება და განახლდება საპარკო ინფრასტრუქტურა პუშკინის სახელობის სკვერს.

  • სუფთა ჰაერი თბილისს - ჰაერის ხარისხის გაუმჯობესების მიზნით, მომდევნო 4 წლის განმავლობაში ახალი პარკები და სარეკრეაციო სივრცეები მოეწყობა. სატრანსპორტო ქსელი დაიგეგმება იმგვარად, რომ ქალაქი სრულად ადაპტირდეს ეკომეგობრულ ტრანსპორტთან. ამასთანავე, მომდევნო წლების განმავლობაში გამკაცრდება რეგულაციები ამტვერებადი მასალის განთავსებასა და რეალიზაციაზე.

  • ნარჩენების მართვა - მომდევნო წლების განმავლობაში დედაქალაქში ნარჩენების მართვის თანამედროვე სისტემის დასანერგად განხორციელდება შემდეგი ღონისძიებები: წყაროსთან სეპარირების სისტემის დანერგვა, ნარჩენების გადამუშავება, სტიქიური ნაგავსაყრელების დახურვა/რემედიაცია. 2025 წლისთვის კი სრულად დაინერგება ქაღალდის, მინის, მეტალისა და პლასტიკის ნარჩენებისთვის წყაროსთან სეპარირების სისტემა.

  • გაამწვანე შენი უბანი - მუნიციპალიტეტის დაფინანსებით, მომდევნო წლიდან შესაძლებელი გახდება ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის მიერ საკუთარი ეზოს გამწვანება, რაც ერთი მხრივ, ხელს შეუწყობს გამწვანებული სივრცეების გაზრდას უბნებში, მეორე მხრივ კი, აამაღლებს მოქალაქეთა ცნობიერებას გარემოს დაცვის მიმართულებით.

  • ტყის აღდგენის პროექტი - მომდევნო 4 წლის განმავლობაში ფონდ "ქართუსთან" ერთად, აღდგება 300 ჰა დეგრადირებული ტყე, ხოლო ქალაქის ურბანულ სივრცეში გაიზრდება მწვანე საფარი, სრულად განახლდება ამორტიზებული/დაავადებული მწვანე ნარგავები და ქალაქში გაჩნდება ახალი მწვანე კუნძულები.
მერობის კანდიდატის პოზიცია