შეადარეთ პოლიტიკური პროგრამები თემატურად
ნიკა მელია - ძალა ერთობაშია

მნიშვნელოვანია,  საბიუჯეტო სახსრებით გაგრძელდეს მწვავედ ავარიული შენობა-ნაგებობების გამაგრება, ქალაქის ისტორიული, ტურისტული პოტენციალის მქონე უბნების რეაბილიტაცია. თუმცა, ამავდროულად, საბიუჯეტო დაფინანსების ეფექტურად გამოყენებით უნდა შევქმნათ ამ პროცესში სამშენებლო ბიზნესისა და ფინანსური ინსტიტუტების მონაწილეობის სტიმულირების სპეციალური პროგრამა, რომელიც, კერძო ინვესტორებთან ერთად,  ათასობით ავარიული, უკვე დანგრეული და  დაუმთავრებელი მშენებლობის პრობლემას გადაჭრის.

 

შესაბამისად, ჩვენი მიდგომა ასეთია:

 

1. რკინიგზა უნდა გადავიდეს  არსებული ტერიტორიიდან. შედეგად, საცხოვრებელი გარემო გახდება უფრო უსაფრთხო და ჯანსაღი, უძრავი ქონება - ინვესტორთათვის მიმზიდველი. გაუქმდება რკინიგზის სიახლოვეს მოქმედი შეზღუდვა და შესაძლებელი გახდება მიმდებარე უბნების სამშენებლო განვითარება. შესაბამისად, ავარიული სახლების პრობლემაც მოგვარდება.

 

2. თბილისში ავარიულ ნაგებობათა ადგილას ახალი საცხოვრებელი სახლების ასაშენებლად, ხელისუფლებას შეუძლია მენაშენეების დახმარებისა და წახალისებისთვის  შექმნას და აამოქმედოს მიზნობრივი პროგრამები, როგორიც იყო "ძველი თბილისის ახალი სიცოცხლე", რომელთა ფარგლებშიც დასრულდება არაერთი დაუმთავრებელი  მშენებლობა და მოგვარდება ავარიულ სახლებში მცხოვრებთა საბინაო პრობლემები.

 

3. ავარიულ უბნებში მერიამ უნდა შექმნას განაშენიანების რეგულირების გეგმები, რომელთა სათითაოდ განხილვა შესაძლებელია, როგორც ავარიული სახლების ადგილას ახალი მშენებლობისათვის საინტერესო საინვესტიციო პროექტი. მეტიც, თითოეული ასეთი პროექტის დამუშავებისას მერიამ უნდა დაადგინოს კონკრეტული განაშენიანების მოცულობა და განსაზღვროს ყველა ის  პარამეტრი, რომელიც, ერთი მხრივ, მიმზიდველს გახდის  ამ პროექტს საინვესტიციო თვალსაზრისით და მეორე მხრივ,  შეინარჩუნებს ქალაქის ურბანულ ინტერესს.

 

4. საბიუჯეტო სახსრებით გაგრძელდეს მწვავედ ავარიული მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლების რეაბილიტაცია.

 

5. ქალაქის იმ უბნებში, სადაც ძირითადად, ინდივიდუალური, უმეტესად - ავარიული სახლებია და  რთულ საცხოვრებელ პირობებს ქმნის,  კანონმდებლობაში ცვლილებების განხორციელებით შესაძლებელია როგორც კერძო საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთებზე მდებარე სახლების რეკონსტრუქცია, ასევე, ახალი ინდივიდუალური სახლების  მშენებლობა -  მხოლოდ მერიის წერილობითი დასტურით.

მერობის კანდიდატის პოზიცია