ალეკო ელისაშვილი - მოქალაქეები
პარტია „მოქალაქეების“ ხედვით, უნდა მივაღწიოთ არა მხოლოდ ჯანდაცვის სისტემაზე ხელმისაწვდომობას, არამედ ხარისხიან ჯანდაცვის სისტემაზე ხელმისაწვდომობას. ყველა ვთანხმდებით იმაზე, რომ ხალხის ფული თუკი რაიმეს უნდა ხმარდებოდეს, ეს, უპირველეს ყოვლისა, ხალხისავე ჯანმრთელობაა. საქართველოში ჯანმრთელობა უნდა იყოს ხელმისაწვდომი ქვეყნის ნებისმიერ წერტილში. ამისთვის სახელმწიფო უნდა გამოვიდეს ამ სფეროდან, როგორც სერვისის მიმწოდებელი და უნდა უზრუნველყოს ხელმისაწვდომობა და ხარისხი. რა თქმა უნდა, ეს არ ეხება საუნივერსიტეტო კლინიკებს. სამწუხაროდ, ჯანდაცვა თავად დასაცავია კანონმდებლობით. გაუაზრებელმა, არათანმიმდევრულმა პოლიტიკამ ეს სფერო ძალიან დააზიანა, ამიტომაც ჯანდაცვის რეფორმაც უნდა იყოს საყოველთაო კონსენსუსის შედეგი და გათვლილი მაქსიმალურად გრძელვადიან პერსპექტივაზე, რათა ყოველი არჩევნების წინ პოლიტიკურმა პარტიებმა ისევ არ გააგრძელონ ჩვენთან ვაჭრობა ჩვენივე ჯანმრთელობით. ხარისხის უზრუნველსაყოფად ექიმებს, კლინიკის დამაარსებლებს უნდა დაეკისროთ შესაბამისი პასუხისმგებლობა. გადამწყვეტი მნიშვნელობა ენიჭება ქვეყანაში ისეთი პირველადი, ხარისხიანი ჯანდაცვის რგოლის შექმნას, რომელიც პაციენტს მხოლოდ მას შემდეგ გაგზავნის ხანგრძლივ სტაციონარულ მომსახურებაზე, რაც ყველანაირ ამბოლატორიულ და თერაპიულ შესაძლებლობებს ამოწურავს.