ლელო საქართველოსთვის
სახელმწიფოს გამართული ფუნქციონირებისთვის საჭიროა პოლიტიკისა და ეკონომიკის გვერდით თანაბრად გაიზარდოს კულტურის, როგორც ჩვენი ქვეყნის ერთ-ერთ უმთავრესი, ღირებულებრივი გამაერთიანებლისა და საერთაშორისო დონეზე დიალოგის წარმართვის ძირითადი ინსტრუმენტის როლი.
კულტურის სფერო ფინანსების განკარგვისას მთავრობისგან მოიპოვებს მაქსიმალურ დამოუკიდებლობას. დარგი დაფინანსდება მხოლოდ კონკურსების გზით და ფონდების მეშვეობით, შეიქმნება სარეზერვო ფონდები ეროვნული მნიშვნელობის კულტურული პროცესების მდგრადობისთვის, ხელს შევუწყობთ კულტურის დარგში ახალგაზრდა თაობისთვის ქვეყნის შიგნით სამუშაო ადგილების შექმნას და მათი გადინების პრევენციას, ვიმუშავებთ კულტურის დარგისთვის ალტერნატიული, მდგრადი დაფინანსების წყაროების შექმნაზე (კანონი ფილანთროპიის/ქველმოქმედებისა და საზოგადოებრივი პარტნიორობის შესახებ, გადასახადების პოლიტიკის გადახედვა და სხვ.).
ხელს შევუწყობთ კულტურის ინდუსტრიების, შემოქმედებითი და ინოვაციური მეწარმეობის მდგრად განვითარებას, ახალი ბაზრების ათვისებას, გავზრდით მათზე ხელმისაწვდომობას. გავაიოლებთ შემოქმედებით ინდუსტრიებში ჩართულობას კულტურის სფეროს ნებისმიერი ასაკობრივი და სოციალური ჯგუფის წარმომადგენლებისთვის, შშმ პირებისთვის, საქართველოში მცხოვრები ყველა ეთნიკური ჯგუფისთვის, ქალებისთვის, ლგბტ თემის წარმომადგენლებისთვის. ყოველივე ამის შედეგად გაჩნდება კულტურის სფეროს დამატებითი, ეკონომიკურად მომგებიანი სივრცე, რომელიც, სამუშაო ადგილების შექმნისა და შემოსავლის ზრდის გარდა, იმთავითვე იქნება დემოკრატიული, სათანამშრომლო გარემოს პრეცედენტი, როცა ყველა მონაწილე თანაბარუფლებიანი და მაქსიმალურად რეალიზებულია.
კულტურული მემკვიდრეობა, მისი მოვლისა და მართვის პოლიტიკა საჭიროებს განახლებას როგორც ცნებითი კატეგორიების დონეზე, ისე საერთაშორისო სტანდარტებთან შესაბამისობის მხრივ, რაც ჩვენი გადაუდებელი ამოცანაა.
დაინერგება კულტურის, განათლების, მეცნიერების, ეკონომიკის, ახალი ტექნოლოგიების, ტურიზმისა და ბიზნესის სინქრონული განვითარების სისტემა, როგორც ცხოვრების დონისა და ადამიანური კაპიტალის მუდმივი ზრდის მნიშვნელოვანი წინაპირობა.
გატარდება, ერთი მხრივ, დაბალანსებული სახელმწიფო პოლიტიკა ერთიანი სამოქალაქო იდენტობის განვითარებისა და, მეორე მხრივ, კულტურული მრავალფეროვნების შენარჩუნების ინტერესების ჰარმონიზაციისთვის.