ლელო საქართველოსთვის
მოხდება საშუალო სკოლების საკადრო, ფინანსური და ლოგისტიკური დეცენტრალიზაცია. სამინისტროს დარჩება, ძირითადად, საგანმანათლებლო პოლიტიკის შემუშავების, სასწავლო პროგრამების დამტკიცებისა და ხარისხის კონტროლის ფუნქციები. შეიცვლება საგანმანათლებლო დაწესებულებების მიმართ სახელმწიფო ზედამხედველობის მიდგომა - განათლების ხარისხის კონტროლი არა სასჯელისთვის, არამედ განვითარებისთვის. სასწავლო პროგრამების შესაბამისი სახელმძღვანელოებისა და თანმდევი მასალის შექმნა-განვითარების პრეროგატივა გამომცემლობებს მიენიჭებათ. დაინერგება ბავშვის აღზრდა-განათლებაში სკოლისა და ოჯახის სისტემატური თანამონაწილეობის თანამედროვე ეფექტური ფორმები და მექანიზმები. თვითმმართველობებისა და ცენტრალური ხელისუფლების ერთობლივი ძალისხმევით 2024 წლისთვის ყველა მსურველი დაკმაყოფილდება სკოლამდელი აღზრდა-განათლების დაწესებულებით.
გაფართოვდება საშუალო სკოლის როლი შესაბამისი დასახლებისა და უბნის მასშტაბით - სკოლა შეიძენს კულტურული, გამაჯანსაღებელი და დემოკრატიული ჩართულობის ცენტრის ფუნქციასაც. აღდგება უსისტემო რეფორმებისა და სკოლის პოლიტიზების გამო შელახული პედაგოგის პროფესიული პრესტიჟი - პედაგოგი გათავისუფლდება პოლიტიკური მიზნებით ადმინისტრაციული გავლენისა და წნეხისგან (მათ შორის, საუბნო-საარჩევნო კომისიების წევრობისგან) და გაუმჯობესდება პროფესიული საქმიანობის პირობები.
დაინერგება დისტანციური სწავლება ოკუპირებულ ტერიტორიებზე და ემიგრაციაში მყოფ საქართველოს მოქალაქეთა შვილებისთვის.
„ლელოს“ საგანმანათლებლო პოლიტიკის მიზანია ქართულ უმაღლეს სასწავლებლებში ევროკავშირის მასშტაბით კონკურენტუნარიანი პროფესიონალების მომზადება.
წახალისდება სტუდენტებისთვის პრაქტიკული პროფესიული უნარ-ჩვევების გამომუშავება. მაგალითად, შეიქმნება სამოტივაციო სისტემა, რათა უმაღლესი სასწავლებლების სტუდენტები მე-2 კურსიდან მოყოლებული მთავარ სემესტრულ თუ საკურსო ნაშრომებს არჩევდნენ კონკრეტული სახელმწიფო დაწესებულების ან კერძო კომპანიის პრაქტიკულ, რეალურ საკითხებსა და პრობლემებზე. წახალისდება აგრეთვე პროფესიული განათლების ცენტრების შექმნისა და განვითარებისთვის ბიზნესსტრუქტურების, მსხვილი ინვესტორებისა და პროფილური ბიზნესასოციაციების საქმიანობა.
დასრულდება „ოდეერებისა“ და პოლიტიკური ზედამხედველობის სხვა ინსტრუმენტების პრაქტიკა უმაღლეს სასწავლებლებში. შეიზღუდება პოლიტიკური თანამდებობების დატოვების შემდეგ გარკვეული დროის განმავლობაში უმაღლეს სასწავლო დაწესებულებებში ადმინისტრაციული თანამდებობების დაკავება.