გავაღრმავებთ აშშ-სთან სტრატეგიულ პარტნიორობას როგორც პოლიტიკურ, ისე უსაფრთხოების და თავდაცვის სფეროში და მოვხსნით დღის წესრიგიდან იმ წუხილს, რომელიც აშშ-ში გაჩნდა ქვეყანაში არსებული დემოკრატიის კონსოლიდაციასთან დაკავშირებით. ამასთან ერთად აშშ-ს მნიშვნელოვანი ჩართულობის ფონზე გავააქტიურებთ ჩვენს ძალისხმევას როგორც ნატო-ში გაწევრიანების, ისე ქვეყნის თავდაცვისუნარიანობის გაზრდის და რუსეთიდან მომდინარე ჰიბრიდული და სხვა საფრთხეების გასანეიტრალებლად. გავაგრძელებთ მუშაობას აშშ-სთან თავისუფალი სავაჭრო შეთანხმების მისაღწევად.
აქტიურად ვიმუშავებთ ნატოსა და ევროკავშირში გაწევრიანების გზაზე ალიანსის წამყვან ქვეყნებთან, როგორიცაა გერმანია და საფრანგეთი სამხედრო-პოლიტიკურ და სამხედრო-ტექნიკურ დონეზე ურთიერთობების გასავითარებლად.
რეგიონული და შავი ზღვის უსაფრთხოების გამყარების მიზნით გავაღრმავებთ ნატოსა და ევროკავშირის აღმოსავლეთ ფლანგის ქვეყნებთან სამხედრო-პოლიტიკურ და სამხედრო-ტექნიკურ პარტნიორობას. განსაკუთრებით გამოვყოფდით პოლონეთთან და რუმინეთთან ურთიერთობების გაღრმავების მნიშვნელობას.
გადავდგამთ ეფექტიან ნაბიჯებს ევროკავშირის უსაფრთხოების და თავდაცვის ერთიანი პოლიტიკის (CSDP) დღის წესრიგში საქართველოს საკითხის მნიშვნელობისა და ზოგადად აღნიშნულ პოლიტიკაში საქართველოს როლის გასაზრდელად. შევინარჩუნებთ და გავაღრმავებთ თურქეთთან არსებულ სტრატეგიულ პარტნიორობას, ისევე როგორც თურქეთ-აზერბაიჯან-საქართველოს სამმხრივ ფორმატს.
განსაკუთრებულ ყურადღებას დავუთმობთ უკრაინასთან სტრატეგიული ურთიერთობის გაღრმავებას. აქტიურად ვიმუშავებთ დიდ ბრიტანეთთან ურთიერთობების სტრატეგიული პარტნიორობის ხარისხში აყვანის მიზნით.
გავაძლიერებთ პარტნიორულ ურთიერთობებს ბალტიის ქვეყნებთან, ვიშეგრადის ოთხეულთან და ნორდიკულ სახელმწიფოებთან.