ერთიანი საქართველო - დემოკრატიული მოძრაობა
უმწვავესია ბავშვთა სიღარიბის პრობლემა. საქართველოში ყოველი მე-5 ბავშვი სიღარიბის ზღვარს მიღმა ცხოვრობს. უკონტროლოა ბავშვთა შრომის მდგომარეობა - უკიდურესი გაჭირვების გამო უამრავ ბავშვს უწევს ფიზიკური შრომა, რაც ზიანს აყენებს მათ ფიზიკურ და გონებრივ განვითარებას. ხშირია ბავშვებზე ძალადობის შემთხვევები როგორც ოჯახში, ისე ოჯახს გარეთ და აგრეთვე სკოლებში.
ამ და სხვა პრობლემების მოსაგვარებლად, უპირველეს ყოვლისა, მნიშვნელოვნად მიგვაჩნია სახელმწიფოს მხრიდან სპეციალური სოციალურ-ეკონომიკური, საგანმანათლებლო, სპორტული და კულტურული პროგრამების დანერგვა, რაც ხელს შეუწყობს, ერთი მხრივ, ოჯახების ეკონომიკურ, სოციალურ და ფინანსურ გაძლიერებას და, მეორე მხრივ, უზრუნველყოფს ბავშვების ფიზიკურ და გონებრივ განვითარებას.
უნდა გამკაცრდეს კანონმდებლობა ბავშვზე ძალადობის წინააღმდეგ და, ამავე დროს, ძალადობის შემთხვევებზე შესაბამის უწყებებს უნდა ჰქონდეთ ადეკვატური და ოპერატიული რეაგირება. სკოლებში უნდა გაძლიერდეს ბავშვთა უსაფრთხოება. მრავალშვილიანი ოჯახი უნდა იყოს სახელმწიფოს განსაკუთრებული ზრუნვის ობიექტი.