ერთიანი ნაციონალური მოძრაობა - გაერთიანებული ოპოზიცია
პოლიცია იქნება სრულად და რეალურად დეპოლიტიზებული. ეს შეეხება როგორც საპატრულო პოლიციას, ისე კრიმინალურ პოლიციას, ასევე საპოლიციო სპეცრაზმებს. მისი ხელმძღვანელი იქნება შს მინისტრისგან დამოუკიდებელი. იგი შეირჩევა სამოქალაქო სექტორიდან დასახელებული კანდიდატურებისგან და მისი დამტკიცებისთვის აუცილებელი იქნება ოპოზიციის ერთი მესამედის თანხმობა.
იუსტიციის სამინისტროს გამოეყოფა სასჯელაღსრულების სამსახური. მისი ხელმძღვანელი მინისტრისგან დამოუკიდებელი იქნება. იგი სამოქალაქო სექტორიდან დასახელებული კანდიდატურებისგან შეირჩევა და მის დამტკიცებას ოპოზიციის არა ნაკლებ ერთი მესამედის თანხმობა დასჭირდება.
პროკურატურა გაიყოფა ორ უწყებად: შეიქმნება ზოგადი პროკურატურა და სამოხელეო საქმეთა პროკურატურა, რომლებიც არც ვინმეს ქვემდებარეობაში იქნებიან და არც ურთიერთდამოკიდებულებაში. ამ უწყებების ხელმძღვანელები სამოქალაქო სექტორიდან დასახელდებიან და დამტკიცებისთვის ოპოზიციის ერთი მესამედის თანხმობა იქნება აუცილებელი.
სახალხო დამცველი და ადამიანის უფლებების საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარეს შეარჩევს ოპოზიცია.
გაუქმდება სუსი - სახელმწიფო უწყებების პოლიტიკური ნიშნით გამოყენებასთან მიმართებით უმნიშვნელო კითხვის ნიშნებიც არ უნდა არსებობდეს. პოლიტიკური პოლიცია საქართველოში აღარ იარსებებს. კონტრდაზვერვის და ანტიტერორისტული სამსახურები გადაინაცვლებენ შინაგან საქმეთა სამინისტროში.
ე.წ. მოსმენის გასაღები გადაეცემა დამოუკიდებელ სასამართლოს და ამ ფუნქციის განხორციელებაზე სრული და შეუზღუდავი მონიტორინგის უფლება სახალხო დამცველს მიენიჭება.
ფინანსური პოლიცია უნდა გაუქმდეს. მოხდება ეკონომიკური და საგადასახადო დანაშაულთა უმრავლესობის დეკრიმინალიზაცია, დანარჩენთა მიმართ კი გამოირიცხება პატიმრობა როგორც აღკვეთის ღონისძიება, ასევე როგორც სასჯელი.
სასამართლო ექსპერტიზის ცენტრი ჩამოყალიბდება როგორც ნამდვილად დამოუკიდებელი უწყება. ბიუროს ხელმძღვანელს სამოქალაქო სექტორი დაასახელებს და მისი კანდიდატურის დამტკიცებას ოპოზიციის ერთი მესამედის თანხმობა დასჭირდება. დასახელების უფლებამოსილების მქონე არასამთავრობო ორგანიზაციათა ნუსხას სახალხო დამცველი განსაზღვრავს.
სასამართლო რეფორმა უნდა ჩატარდეს ფართო პოლიტიკური კონსენსუსით, არა მხოლოდ მმართველი ძალის, უბრალოდ საპარლამენტო უმრავლესობის მიერ. ამ პროცესში გასათვალისწინებელია ის შეთანხმებები, რომლებსაც პარტიებთან საჯარო და გამჭვირვალე განხილვების შედეგად მივაღწიეთ.