საქართველოს უახლეს ისტორიაში პირველად, ოპოზიციურმა პარტიებმა მიაღწიეს უპრეცედენტო შეთანხმებას სასამართლო რეფორმის ძირეული ცვლილებების შესახებ. თითოეული ოჯახის სწრაფ განვითარებაზე ორიენტირებული შეთანხმება ეკონომიკურად წარმატებული საქართველოს მშენებლობის საფუძველი გახდება. მთავარი ოპოზიციური პოლიტიკური პარტიები: „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“, „ევროპული საქართველო“, „ლეიბორისტული პარტია“, „გირჩი“, „სამოქალაქო მოძრაობა“ და „ახალი საქართველო“, 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებში „ქართული ოცნების“ დამარცხების შემდეგ, განახორციელებენ ძირეულ სასამართლო რეფორმას, რაც ჩვენი ქვეყნის სწრაფი განვითარების საფუძველი, თითოეული მოქალაქის სიმშვიდისა და დაცულობის გარანტია გახდება. სასამართლო რეფორმა იქნება მთავარი რეფორმა, რითაც საქართველო იქცევა რეგიონის ცენტრად ინვესტიციების განხორციელების მიმართულებით. ჩვენი გეგმით:
- კერძო საკუთრების უფლება იქნება გარანტირებულად დაცული და ხელშეუხებელი;
- უზენაეს და სააპელაციო ინსტანციებში ხანგრძლივი ვადით დაინიშნებიან აშშ-სა და გაერთიანებული სამეფოდან მოწვეული მოსამართლეები, რომლებიც ყველა შესაძლო კოლეგიის უმრავლესობას უნდა შეადგენდნენ;
- სიტყვის თავისუფლებასთან დაკავშირებულ საკითხებზე, ასევე სახელმწიფოსა და ბიზნესს, ან სახელმწიფოსა და მოქალაქეს შორის (სამოქალაქო ან ადმინისტრაციულ) დავებზე აშშ-ს უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილებები სამართლებრივ პრეცედენტებად იქნება აღიარებული;
- მოსამართლეთა უვადოდ დანიშვნის 2017 წლიდან გაფორმებული ყველა აქტი გაუქმდება; საკონსტიტუციო ცვლილებით, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მოქმედ შემადგენლობას უფლებამოსილება შეუწყდება; უზენაესი და საკონსტიტუციო სასამართლოები გაერთიანდება;
- 2021 წელს გათვალისწინებულია ნაფიცი მსაჯულების ინსტიტუტის შემოღება მძიმე და განსაკუთრებით მძიმე დანაშაულების განხილვისას; 2024 წლის ბოლომდე კი - ნაფიცი მსაჯულების ინსტიტუტის შემოღება ყველა დანაშაულზე, რომლებიც პატიმრობას ითვალისწინებს;
- 2021 წლის ბოლომდე ამოქმედდება მოსამართლის არჩევითობის პრინციპი პირველ ინსტანციაში, რომელიც განიხილავს საქმეთა უმრავლესობას;
- სისხლის სამართლის საქმეებში ბრალდებულს ექნება შესაძლებლობა, ნაფიც მსაჯულთან ერთად აირჩიოს მისი საქმის განმხილველი მოსამართლე. სამოქალაქო და ადმინისტრაციულ საქმეებში კი მოსარჩელეს მიეცემა შესაძლებლობა, აირჩიოს მისი საქმის განმხილველი მოსამართლე;
- ქალთა, განსაკუთრებით კი, ეთნიკურ უმცირესობათა ჯგუფს მიკუთვნებულ ქალთა გაძლიერება და მათთვის მართლმსაჯულებაზე ხელმისაწვდომობის ხელშეწყობა.