ალეკო ელისაშვილი - მოქალაქეები
სოციალური უსაფრთხოების გასაუმჯობესებლად, პარტია „მოქალაქეები“ მხარს უჭერს სახელმწიფო ბიუჯეტიდან თანხების მხოლოდ მიზნობრივად განაწილებას. ჩვენთვის მიუღებელია, ნებისმიერი ტიპის შემოსავლის მქონე ადამიანისთვის ჯანდაცვისა და სოციალური უსაფრთხოების ერთი და იმავე პაკეტის შეთავაზება. ჩვენ ეს მხოლოდ და მხოლოდ სახელმწიფო ბიუჯეტის ფლანგვად მიგვაჩნია. ჯანდაცვის ხარისხიანი პაკეტი სახელმწიფომ უნდა შესთავაზოს ყველა მოწყვლად ჯგუფს, ვისაც ამის დამოუკიდებლად დაფინანსების შესაძლებლობა არ გააჩნია, თუმცა მიზნობრივ ჯგუფებზე ორიენტირება არ უნდა მოხდეს ხარისხის შემცირების ხარჯზე, პაკეტი უნდა ფარავდეს ყველა მაღალი ხარისხის ჯანდაცვის მომსახურების საფასურს. რაც შეეხება სოციალურ დახმარებებს, ამის კლასიფიკაცია აუცილებელია მაქსიმალურად გამჭვირვალედ და ობიექტურად. ყველა, ვინც ამ კატეგორიაში მოხვედრის კრიტერიუმებს აკმაყოფილებს, შეფერხებებისა და ბიუროკრატიის გარეშე უნდა იღებდეს დახმარებას. და გარდა ამისა, სოციალურად დაუცველებს არ უნდა მოეხსნათ დახმარება ნებისმიერი თანხის, გასამრჯელოს აღების მიუხედავად უახლოესი 4-5 წლის განმავლობაში, რათა ამით საშუალება მივცეთ მათ დაძლიონ სიღარიბე. თუკი გარკვეული თანხის აღების ან სამსახურის დაწყების შემთხვევაში სახელმწიფო აღარ გასცემს სოციალურ დახმარებას, ამ შემთხვევაში მოქალაქეებს ვუბიძგებთ, სოციალური დახმარების დაკარგვის შიშით უარი თქვან დასაქმებაზე და დარჩნენ სიღარიბეში.