2020-2024 წლებში „ლელოს“ მთავარი მიზანია საერთაშორისო ასპარეზზე არაღიარების პოლიტიკის განმტკიცება და ქართულ-აფხაზურ და ქართულ-ოსურ საზოგადოებებს შორის ნდობის აღდგენა.
„ლელო“ შექმნის ქართულ-აფხაზური და ქართულ-ოსური პირდაპირი დიალოგის იმგვარ სტატუს-ნეიტრალურ ფორმატებს, რომლებიც უზრუნველყოფს საჭიროებებზე ორიენტირებულ საუბარს ეკოლოგიის, ჯანდაცვისა და განათლების საკითხებზე;
საქართველოზე ობიექტური ინფორმაციის მიწოდებისა და რუსული პროპაგანდის განეიტრალების მიზნით შეიქმნება სხვადასხვა საკომუნიკაციო არხი; კერძოდ - რუსულენოვანი ტელევიზია, რომელიც, გარდა აფხაზეთისა და ე.წ. სამხრეთ ოსეთისა, ჩრდილოეთ კავკასიას და, შესაძლოა, მთლიანად პოსტსაბჭოთა რუსულენოვან სივრცეს დაფარავს;
განსაკუთრებულ პირობებში შრომის გათვალისწინებით - გალისა და ახალგორის რაიონების პედაგოგებსა და სამედიცინო პერსონალს, დანარჩენ საქართველოში მომუშავე კოლეგებთან შედარებით, 20 პროცენტით მაღალი ხელფასი დაენიშნებათ;
გალისა და ახალგორის ეთნიკურად ქართველი მოსახლეობა, ისევე როგორც ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრები სხვა ჯგუფები, უფასო სამედიცინო მომსახურებით ისარგებლებენ;
გაძლიერდება ზრუნვა მეორე სახელმწიფო ენაზე - აფხაზურზე;
საოკუპაციო ხაზის გასწვრივ დამონტაჟდება ვიდეოთვალთვალის სისტემა.