საქართველოს სწრაფვა ევროპული ერების ოჯახში ადგილის დამკვიდრებისკენ არც გარედან თავსმოხვეულია და არც ამა თუ იმ ხელისუფლების ვოლუნტარისტული გადაწყვეტილებაა; თავისი კულტურით, ცნობიერებითა და იდენტობით საქართველო ევროპული ქვეყანაა, რომელიც ძალდატანებით იყო ხოლმე მოწყვეტილი მშობლიურ ცივილიზაციურ გარემოს. დამოუკიდებელი საქართველოს პოლიტიკისა და დიპლომატიის უმთავრესი მიღწევა, მიუხედავად ცალკეული ზიგზაგებისა, მათ შორის ბოლო წლებშიც, ევროატლანტიკური კურსის მემკვიდრეობითობის უზრუნველყოფაა. შედეგად, დღეს საქართველო თავისუფალი (დასავლური) სამყაროს შემადგენელი ნაწილია კულტურული, პოლიტიკური, ეკონომიკური, სამხედრო და ნებისმიერი სხვა კუთხით და ელის მომენტს, როცა ეს მდგომარეობა ფორმალიზდება ნატოსა და ევროკავშირში წევრობით. ამ მომენტის მოახლოება კი აუცილებელია როგორც მრავალმხრივ, ისე ორმხრივ ფორმატებში შესაძლებლობების მთელი სპექტრის გამოყენება-განვითარებით. თუმცა, გეოპოლიტიკურ პროცესებში გამოკვეთილი ძირითადად უარყოფითი ტენდენციების გამო, უახლოესი წლები არ იქნება მარტივი; განსაკუთრებით რისკიანია ეს წლები მომცრო სახელმწიფოებისთვის, რომლებზეც ავტომატურ რეჟიმში არ ვრცელდება კოლექტიური უსაფრთხოების რომელიმე სისტემის (ჩვენს შემთხვევაში - ნატოს) გარანტიები. უსაფრთხოების ამგვარი უკმარისობის კომპენსირება შესაძლებელია შიდა და გარე რესურსების მაქსიმალური მობილიზებით. ამისთვის „ლელოს“ ექნება აქტიური საგარეო პოლიტიკა - „ახალი ჰორიზონტი - 2030“: