ლელო საქართველოსთვის
საქართველოს კონსტიტუცია ვერ იქცა ერის და სახელმწიფოს შემკვრელ, გამაერთიანებელ ქვეყნის ძირითად კანონად. ეს განაპირობა არა იმდენად კონსტიტუციის ნორმებისა და მექანიზმების დაუხვეწაობამ, რამდენადაც კონსტიტუციისადმი მმართველი პარტიების დამოკიდებულებამ. საქართველოს ვერცერთი მმართველი ვერ „ჩაეტია“ კონსტიტუციის ჩარჩოებში. პირიქით, ყველამ კონსტიტუცია საკუთარ თავზე მოირგო და ძალაუფლების შემზღუდავი მექანიზმიდან იგი ძალაუფლების განხორციელების ინსტრუმენტად აქცია. ეს კი იმას ნიშნავდა, რომ კონსტიტუციასთან ყოველი შეხებით ქართული სახელმწიფოს ფუნდამენტი ირყეოდა.
„ლელო“, პირველ რიგში, ამ მორყეული ფუნდამენტის გამაგრებას შეეცდება. ანუ, მიუხედავად კონსტიტუციის ამა თუ იმ ნორმებისადმი დამოკიდებულებისა, ჩვენ ჯერ სრულფასოვნად ავამოქმედებთ კონსტიტუციას, გავაღვივებთ მის მიმართ პატივისცემას და მხოლოდ ამის შემდეგ ვიზრუნებთ ხარვეზების გამოსწორებაზე. ამასთანავე, ჩვენი ურყევი იმპერატივია კონსტიტუციური ცვლილებებისთვის უფართოესი პოლიტიკური და საზოგადოებრივი კონსენსუსის უზრუნველყოფა.