ლელო საქართველოსთვის
პანდემიის პირობებში დაწესებული საშეღავათო სისტემა, ძირითადად, უშუალოდ კრიზისულ პერიოდს უკავშირდებოდა და რამდენიმეთვიანი გეგმით შემოიფარგლება. „ლელოს“ მოდელით 2021 წლიდან უნდა ამოქმედდეს ეკონომიკის სტიმულირების ფართომასშტაბიანი გეგმა.
ხელისუფლების მიერ შემოთავაზებული მცირე მასშტაბის საგარანტიო ფონდის ნაცვლად, შეიქმნება 3-მილიარდიანი საგარანტიო ფონდი, რომელიც არა მარტო მოქმედ ბიზნესს დააზღვევს ფინანსურად, არამედ გაფართოებული სექტორული ბიზნესის მხარდაჭერის მნიშვნელოვან ინსტრუმენტად ჩამოყალიბდება 2021-2024 წლებში.
ხელისუფლების მიერ შემოთავაზებული სოფლის მეურნეობის ფრაგმენტული მხარდაჭერის ნაცვლად, „ლელოს“ გეგმა ითვალისწინებს 2021-2024 წლებში სოფლის მეურნეობის კომპლექსურ და ფართო მხარდაჭერას, რამაც კარდინალურად უნდა შეცვალოს ამ სექტორის როლი ქართულ ეკონომიკაში.
ანტიკრიზისული სოციალური მხარდაჭერის პროგრამები პოსტკრიზისულ პერიოდში უნდა ჩამოყალიბდეს სოციალური დახმარების გამართულ სისტემად, რომელიც დაეხმარება სოციალურად დაუცველ ჯგუფებს. ამასთან, „ლელოს“ გეგმით გათვალისწინებულია ცალკეული ფულადი დახმარებების გაზრდა და ცვლილება, რომლის მიხედვით, სოციალური დახმარება მოქალაქეს არ შეუწყდება დასაქმებიდან ერთი წლის განმავლობაში.