სტრატეგია აღმაშენებელი
იმისთვის, რომ საქართველომ შეძლოს სრულფასოვნად თავდაცვის ორგანიზაცია, მნიშვნელოვანია ქვეყანას ჰქონდეს ადეკვატური და დროში გაწერილი ეროვნული და უწყებრივი დონის კონცეპტუალური და ორგანიზაციული დოკუმენტები, რომლებიც მიღებულია ეროვნული თანხმობის საფუძველზე და უზრუნველყოფილია მათი განხორციელების განგრძობითობა.
2018 წლიდან გასაახლებელია საქართველოს საფრთხეების შეფასების დოკუმენტი, რომლის საფუძველზეც უნდა შექმნილიყო სახელმწიფო თავდაცვის სფეროში მთავარი ეროვნული დონის კონცეპტუალური დოკუმენტი: ეროვნული თავდაცვის სტრატეგია და თავდაცვის დაგეგმვის ეროვნული დონის ორგანიზაციული დოკუმენტი - საქართველოს ეროვნული თავდაცვის მზადყოფნის გეგმა. ამ დოკუმენტიდან უნდა გამომდინარეობდეს თავდაცვის ბიუჯეტის დაგეგმვაც გრძელვადიანი პერსპექტივით.
მიუხედავად იმისა, რომ ტოტალური თავდაცვის პრინციპი 2006 წლიდან არის ეროვნული უსაფრთხოების კონცეფციაში და სამხედრო სარეზერვო სამსახური ამ პრინციპს ეფუძნება, დღემდე არ არსებობს დამტკიცებული ტოტალური თავდაცვის კონცეფცია. ზემოხსენებული დოკუმენტებისა და ტოტალური თავდაცვის კონცეფციის შემდეგ აუცილებლად მიგვაჩნია სამხედრო სავალდებულო სამსახურის, ისევე როგორც რეზერვისა და მობილიზაციის სისტემის რეფორმირება.
მას შემდეგ, რაც ადეკვატურად შეფასდება სამხედრო საფრთხეებთან მიმართებით ქვეყნის თავდაცვითი შესაძლებლობები და საჭიროებები, გამოიკვეთება შესაბამისი მიზნები და ამოცანები ეროვნულ დონეზე, შემდგომი ნაბიჯი იქნება თავდაცვის სფეროში შესაბამისი სამართლებრივი სახის ცვლილებების ინიციირება; ისევე როგორც ქვეყნის ინფრასტრუქტურისა და კომუნიკაციების თავდაცვითი მიზნებისთვის მომზადება, თანამედროვე სამხედრო შეიარაღებისა და საბრძოლო მზადყოფნის უზრუნველყოფა, სამხედრო განათლების ეფექტიანი სისტემა.
ქვეყნის თავდაცვისუნარიანობის განსამტკიცებლად, ნატოსა და ევროკავშირში გასაწევრიანებლად უმნიშვნელოვანესია თავდაცვის სფეროში მჭიდრო საერთაშორისო თანამშრომლობა ორმხრივი და მრავალმხრივი ფორმატების გამოყენებით. განსაკუთრებული ყურადღება მიექცევა ჩვენს მთავარ სტრატეგიულ პარტნიორ აშშ-სთან თავდაცვის სფეროში მიმდინარე და სამომავლო ერთობლივ პროექტებს, ისევე როგორც სხვა პარტნიორ ქვეყნებთან სამხედრო თანამშრომლობის განმტკიცებას.
თავდაცვის ორგანიზაციის პროცესში განვახორციელებთ დემოკრატიულ კონტროლს და უზრუნველყოფთ საჯაროობას, რაც უმნიშვნელოვანესია როგორც ქართული დემოკრატიისთვის, ისე ქვეყნის ნატოში გაწევრიანების პროცესის შეუქცევადობისთვის.