„სტრატეგია აღმაშენებლის“ გეგმით, კულტურის ტრადიციულ პრიორიტეტულ მიმართულებებზე (თეატრი, მუსიკა, კინო და ა.შ.) ზრუნვასთან ერთად, განვახორციელებთ საერთაშორისო მნიშვნელობის ე.წ. მეგაპროექტებს. ისინი მოემსახურება მსოფლიოში საქართველოს კულტურის პოპულარიზაციას და იქნება ტურისტებისა და ინვესტიციების მოზიდვის დამატებითი საშუალება:
- საქართველო - ქვევრის ღვინის სამშობლო. „თბილისობის“ დღესასწაულს გარდავქმნით მსოფლიო ღვინის ყოველწლიურ ფესტივალად. საელჩოებს უნდა დაევალოთ მოიწვიონ შესაბამისი ქვეყნის ლიდერები, დიდი სავაჭრო ქსელების მენეჯერები და მფლობელები უცხოეთიდან, სადისტრიბუციო კომპანიების წარმომადგენლები და ღვინის მწარმოებლები.
- ყველაზე მასშტაბური საახალწლო ღონისძიება.
- ფოლკლორული ფესტივალი. ფესტივალის ფარგლებში საქართველო უმასპინძლებს მსოფლიო ხალხებს, ტომებს, ეთნოსებს. ფესტივალი გაიშლება მთელი ქვეყნის მასშტაბით.
- ახალგაზრდული ფესტივალი - მუსიკა და ტექნოლოგიები. საქართველო უმასპინძლებს ამერიკისა და ევროპის წამყვანი უნივერსიტეტების წარმატებულ სტუდენტებს. ქართველ სტუდენტებთან ერთად ჩატარდება გლობალური სამიტი ტექნოლოგიების მიმართულებით. პარალელურად, ახალგაზრდული სამიტის ფარგლებში გაიმართება მუსიკის ფესტივალი, ქართველი და უცხოელი შემსრულებლების მონაწილეობით, რაც დამატებით მიზიდულობის ცენტრს შექმნის ახალგაზრდებისთვის.
ღონისძიებები განაწილდება საქართველოს სხვადასხვა რეგიონში. ყველა ღონისძიება იქნება მძლავრი საშუალება ქართული კულტურისა და კულტურის მოღვაწეთა პოპულარიზაციისთვის მსოფლიო დონეზე. შეიქმნება ინოვაციურ ტექნოლოგიებზე დაფუძნებული ორი ახალი მუზეუმი:
- საქართველო - მსოფლიო ღვინის სანახი. გავაშენებთ ღვინის ქალაქს, სადაც ყველა ქვეყნისა და ტიპის ღვინო იქნება წარმოდგენილი.
- მსოფლიო რანგის ეთნოკულტურული მუზეუმი - ინტერაქტიული მუზეუმი, სადაც მსოფლიო ხალხების კულტურა იქნება წარმოდგენილი. მინი მსოფლიო ერთ სივრცეში.
კულტურის მიმართულების ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტია ასევე კულტურული ძეგლების მოვლა/პატრონობა და აღდგენა საუკეთესო საერთაშორისო ტექნოლოგიების გამოყენებითა და ძეგლების ავთენტურობის სრული დაცვით.