„სტრატეგია აღმაშენებლის“ პარტიულ სტრუქტურაში, მათ შორის ხელმძღვანელ პოზიციებზე, ქალები ფართოდ არიან წარმოდგენილი. ჩვენ მომხრე ვართ ქალთა თანამონაწილეობის გაზრდის საქართველოს პოლიტიკურ და საზოგადოებრივ ცხოვრებაში. ჩვენი პოზიციაა, ინსტიტუციურად უფრო გაძლიერდეს პარლამენტის გენდერული თანასწორობის საბჭო. უნდა დაიხვეწოს გენდერული თანასწორობის სახელმწიფო მექანიზმები, გაუმჯობესდეს გენდერული თანასწორობის საკითხებზე ხელისუფლების სხვადასხვა შტოში არსებული უწყებების/ინსტიტუტების კოორდინირებული მუშაობა და თანამშრომლობა. ჩვენ ვგეგმავთ გავაფართოოთ გენდერული თანასწორობის შესახებ ცნობიერების ამაღლებისა და ქალთა გაძლიერების მხარდამჭერი ღონისძიებები საქართველოს მთელი მასშტაბით. მათში სახელმწიფო რესურსთან ერთად აქტიურად უნდა მონაწილეობდნენ არასამთავრობო სექტორი და სამოქალაქო საზოგადოება. განსაკუთრებულ ყურადღებას დავუთმობთ რეგიონებში ისეთ თემებზე მსჯელობას, როგორიცაა: ქალთა მიმართ და ოჯახში ძალადობა, პოლიტიკაში ქალთა მონაწილეობა, გენდერული კვოტირების საკითხები და ქალთა ეკონომიკური დამოუკიდებლობა.