სტრატეგია აღმაშენებელი
კვლევების თანახმად, საქართველოს მასშტაბით პანდემიის პირობებში 80 000-მდე მოსწავლე დარჩა დისტანციური სწავლების მიღმა სწორედ ინტერნეტის არქონის გამო. გაეროს ბავშვთა ფონდის ანგარიშის მიხედვით, 150 000 მოზარდი საქართველოში შიმშილის ზღვარზეა და ეს მონაცემები ყოველწლიურად იზრდება. ყოველი 10 ბავშვიდან ექვსს არ აქვს წვდომა საბავშვო წიგნებზე. ამ მძიმე სოციალურ-ეკონომიკური ფონის გათვალისწინებით, ჩვენი მმართველობის პირობებში პრობლემის ეფექტიანად გადასაჭრელად განათლების სამინისტროს, საგანმანათლებლო რესურსცენტრებისა და 2084 საჯარო სკოლის ადმინისტრაციებთან კოორდინაციით მყისიერად დავაზუსტებთ თითოეული რაიონის, ქალაქის, დაბისა თუ სოფლის სკოლის მოსწავლეთა ინდივიდუალურ საჭიროებებს. ინტერნეტისა თუ ტექნიკური აღჭურვილობის ხელმისაწვდომობის გასაზრდელად დავადგენთ ზუსტ სტატისტიკურ მონაცემებს, თუ რამდენ მოსწავლეს ან მასწავლებელს არ ჰქონდა ინტერნეტზე წვდომა სასწავლო პროცესის სრულფასოვნად წარმართვისთვის. 2013 წლიდან დღემდე 2.5-ჯერ გაზრდილი განათლების ნაერთი ბიუჯეტიდან შესაძლებელი გახდა 1.5 მლნ ლარის გამოყოფა სატელევიზიო პროექტ „ტელესკოლის“ ასამოქმედებლად, რომელიც მხოლოდ დამატებითი ინსტრუმენტია და არა ხარისხიანი განათლების უზრუნველყოფის მექანიზმი ბავშვებისთვის. ამ თანხებით ჩვენ უზრუნველვყოფთ ინდივიდუალურ საჭიროებებზე მორგებულ სოციალურ პაკეტს მოსწავლეთათვის, განსაკუთრებით სოციალურად დაუცველი და საარსებო მინიმუმზე ნაკლები შემოსავლის მქონე ოჯახებიდან.