ერთიანი საქართველო - დემოკრატიული მოძრაობა
საქართველოს, როგორც სახელმწიფოს, არ აქვს ფუფუნება კონფრონტაციაში იყოს რომელიმე ქვეყანასთან ან რომელიმე ალიანსთან. ჩვენი ქვეყნის ეროვნული ინტერესები არ სცდება საქართველოს საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებს, შესაბამისად, ჩვენი ინტერესები არ ეწინააღმდეგება არცერთი სახელმწიფოს და არცერთი ალიანსის კანონიერ, საერთაშორისო სამართლის შესაბამის ინტერესებს.
ჩვენი ამოცანაა, მაქსიმალურად გამოვიყენოთ ჩვენს მეგობარ სახელმწიფოებთან თანამშრომლობის რესურსი. რაც შეეხება ნატოს - სტრატეგიული თანამშრომლობა უნდა გამოიხატებოდეს საერთაშორისო პროგრამებში ჩართულობით. ჩვენ უნდა ვიყოთ მსოფლიო უსაფრთხოების სისტემის არა მხოლოდ ბენეფიციარები, არამედ აქტიური მონაწილეები. 2020 წლის მოწვევის პარლამენტში ნატოში გაწევრიანებაზე საუბარი არარეალისტურია და ამის შესახებ პარტიების უმეტესობა ელექტორატის მოზიდვის მიზნით, პოპულისტურად საუბრობს. მნიშვნელოვანია მაქსიმალური სიახლოვე ევროკავშირთან და ევროპულ სტანდარტებთან. საბოლოო მიზანი კი უნდა იყოს ევროკავშირში გაწევრიანება, ხოლო ჩრდილოატლანტიკურ სივრცესთან თანამშრომლობა - თანასწორუფლებიანი და, უპირველეს ყოვლისა, ჩვენი ქვეყნის ეროვნული და სახელმწიფოებრივი ინტერესების გათვალისწინებაზე აგებული.
საქართველოსნაირი ქვეყნისთვის საგარეო კურსის პოლარიზაციის პოლიტიკაზე აგება დამღუპველია. ჩვენს ეროვნულ ინტერესებად მიგვაჩნია მეზობელ სახელმწიფოებთან მაქსიმალურად თანამშრომლობის პრინციპებზე აგებული ურთიერთობის ჩამოყალიბება. ამ მხრივ, საქართველოს უმძიმესი გამოწვევები აქვს რუსეთთან. ჩვენი პროგრამა მინიმუმია სრულად გავანეიტრალოთ კონფრონტაციული რეჟიმი და გამოვრიცხოთ რუსეთთან სამხედრო დაპირისპირების შესაძლებლობა. შემდგომ ეტაპზე უნდა შევძლოთ რუსეთთან ურთიერთპატივისცემაზე აგებული მოლაპარაკებების წარმოება, მათ შორის უმთავრეს - ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის საკითხზე.