ბოლო 10 წლის განმავლობაში ავტოსაგზაო შემთხვევების შედეგად საქართველოში 6608 ადამიანი გარდაიცვალა, ხოლო დაზიანება 100 ათასამდე ადამიანმა მიიღო (მათ შორის ათასობით ბავშვმა). ეს ნიშნავს, რომ ყოველწლიურად ყოველი ჩვენგანი კარგავს 2 ახლობელს, ხოლო, მსოფლიო ბანკის მონაცემებით, ყოველწლიური ზარალი ნახევარ მილიარდ ლარს აღემატება. გზების უსაფრთხოებისთვის ჯარიმების უსასრულო ზრდა სასურველ შედეგს ვერ გამოიღებს. საქართველოში საგანგაშო დინამიკის შესაცვლელად აუცილებელია დაიგეგმოს შვედური ე.წ. „უსაფრთხო სისტემის მიდგომა“, რომლის თანახმადაც, ავტოსაგზაო შემთხვევის დროს დამნაშავე მხოლოდ მძღოლი არ არის. შესაძლო პასუხისმგებლობა უნდა გადანაწილდეს არა მხოლოდ უშუალო მონაწილეებზე, არამედ ისეთ მხარეებზეც, როგორებიცაა:
სასწრაფოდ უნდა მოწესრიგდეს საგზაო ინფრასტრუქტურა მაღალი რისკის შემცველ გზებზე, პირველ რიგში, ქვეყნის ცენტრალურ ავტომაგისტრალზე. ხშირად დაჩქარებული წესით იხსნება გზის დაუმთავრებელი მონაკვეთები, წინასაარჩევნოდ ან სხვა ვიწრო პოლიტიკური მიზნებისთვის. აღნიშნული მანკიერი პრაქტიკა იწვევს ავტოსაგზაო შემთხვევებს, რომლებიც ხშირად ტრაგიკულად სრულდება. ამაზე პასუხისმგებელი მხოლოდ უშუალო მონაწილე ვერ იქნება. ავტოსაგზაო სისტემა საჭიროებს რეფორმას საგზაო უსაფრთხოებაზე კონკრეტული გადაწყვეტილების მიმღები იმ ორგანოს გამოსაკვეთად, რომელიც დაკომპლექტდება პროფესიონალებით. შესაბამისმა უწყებებმა უნდა შეიმუშაონ და ჩაატარონ სოციალურ-საგანმანათლებლო კამპანიები ავტოსაგზაო შემთხვევების პრევენციის მიზნით. ასევე მნიშვნელოვანია მძღოლებისა და ქვეითების (განსაკუთრებით ბავშვების) ცნობიერების ამაღლება სხვადასხვა საერთაშორისო და ადგილობრივი პროექტის ფარგლებში. სასურველია წახალისდეს ავტომოყვარულთა ჩართულობა ამ პრობლემის მოგვარების პროცესში, რათა მათ შეეძლოთ თავიანთი ენთუზიაზმის უსაფრთხო და კონტროლირებად გარემოში რეალიზაცია. „ერთიანი საქართველო“ მჭიდროდ ითანამშრომლებს საქართველოს საავტომობილო ფედერაციასთან. მასთან თანამშრომლობით, „ერთიანი საქართველო“ გეგმავს საერთაშორისო საავტომობილო ფედერაციის სტანდარტების კოდიფიცირებასა და იმპლემენტაციას.