ერთიანი საქართველო - დემოკრატიული მოძრაობა
საქართველოში არსებული სოფლის მეურნეობისთვის ვარგისი მიწების რაოდენობის, მათი რელიეფური განლაგებისა და სოფლის მეურნეობის მთელი რიგი კულტურების განვითარების დაბალი დონის გამო, საშუალოვადიან პერსპექტივაში, სრული სასურსათო უსაფრთხოების მიღწევა არარეალისტური და პოპულისტურია.
პირველ რიგში, მსოფლიოში არსებული პოსტპანდემიური კრიზისიდან გამომდინარე, ქვეყნის ხელისუფლებამ უნდა იზრუნოს გრძელვადიანი ხელშეკრულებების გაფორმებაზე ან საკვები პროდუქტების იმპორტის წახალისებაზე. განსაკუთრებით ეს ეხება სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი იმ პროდუქტების იმპორტზე ხელშეკრულებებს, რომელთა იმპორტიორიც დღეს ჩვენი ქვეყანაა. ამის შესასრულებლად აუცილებელია სახელმწიფოს მეტი ჩართულობა და დამატებითი კონტროლი პროტექციონისტული და კორუფციული სქემების თავიდან ასაცილებლად. მნიშვნელოვანია, ამ კეთილშობილური მისიის საფარქვეშ არ ჩამოყალიბდნენ ხელოვნური მონოპოლისტები.
რაც შეეხება ადგილობრივი სოფლის მეურნეობის მხარდაჭერას, სახელმწიფომ უნდა უზრუნველყოს ქვეყანაში ფართომასშტაბიანი სასაწყობე და სამაცივრე ქსელების შექმნა. სოფლის მეურნეობის ხელშემწყობი ნებისმიერი ღონისძიება უნდა იყოს გათვლილი გრძელვადიან პერსპექტივაზე, რეგულირდებოდეს საკანონმდებლო დონეზე და არ უნდა იყოს დამოკიდებული კონკრეტული მთავრობების საარჩევნო დაპირებებზე.
ოცდამეერთე საუკუნეში შეუძლებელია გლეხის შრომაზე დაფუძნებული სოფლის მეურნეობის წარმატებულად ფუნქციონირება. ხელი უნდა შეეწყოს ფერმერული მეურნეობების განვითარებას. აუცილებელია გრძელვადიანი სახელმწიფო სალიზინგო პროგრამების შემუშავება სასოფლო-სამეურნეო ინფრასტრუქტურის განსავითარებლად.
„ერთიან საქართველოს“ შეუძლია სოფლის მეურნეობისა და ადგილობრივი მრეწველობის შეუფერხებლად ამუშავება. აუცილებელია ქართული სასურსათო ექსპორტის ხელშეწყობა ტრადიციულ ბაზრებზე, რასაც სჭირდება პოლიტიკური სტაბილურობა და მოლაპარაკებების უწყვეტი პროცესის უზრუნველყოფა. თანაბრად მნიშვნელოვანია ქართული პროდუქციისთვის გზის გაკვლევა ახალ ბაზრებზე, მრავალმხრივი და თავისუფალ ვაჭრობაზე ორიენტირებული სავაჭრო ხელშეკრულებების გზით.