შეადარეთ პოლიტიკური პროგრამები თემატურად
ევროპული საქართველო - მოძრაობა თავისუფლებისთვის
ჩვენი ამოცანაა, არ გაგრძელდეს „მცოცავი ოკუპაცია“, არ გადმოიწიოს მავთულხლართები და არ მოხდეს ჩვენი მოქალაქეების სიცოცხლის ხელყოფა, უსაფრთხოებისა და ღირსების შელახვა. შესაბამისად, უნდა გაიზარდოს უსაფრთხოების ზომები ოკუპაციის ხაზის გასწვრივ ჩვენ მიერ კონტროლირებად მხარეს საგუშაგოების განთავსებით და მთელ პერიმეტრზე პატრულირების აღდგენით. ამ მიზნით, მნიშვნელოვანია, რომ ქვეყანამ გააფართოოს „ოთხოზორია-ტატუნაშვილის“ სია იმ პირთა ჩართვით, რომლებიც პასუხისმგებელი არიან ჩვენს თანამოქალაქეთა უფლებების დარღვევასა და მკვლელობებზე. საქართველოს ხელისუფლების ამოცანა უნდა იყოს ამ სიის ფიგურანტთა მოხვედრა ჩვენი პარტნიორების საერთაშორისო სანქციების სიაში. მნიშვნელოვანია პრაგმატული თანამშრომლობა აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის მოსახლეობასთან და გამყოფი ხაზების თანდათანობით გაქრობა სავაჭრო, სამედიცინო, ჰუმანიტარული, საგანმანათლებლო და ადამიანებს შორის ნორმალური ურთიერთობების აღდგენის გზით. ეს ხელს შეუწყობს ოკუპაციით დაშორებული საქართველოს მოქალაქეების ურთიერთობათა გაღრმავებას და ამ მოსახლეობის ეტაპობრივ ინტეგრაციას ერთიან სახელმწიფოებრივ სივრცეში. ამ კონტექსტში მნიშვნელოვანია თავისუფალი გადაადგილების უფლების უზრუნველყოფა. ევროპული საქართველო შეიმუშავებს ისეთ მოდელს, რომელიც უზრუნველყოფს დევნილთა მიერ ლეგიტიმური წარმომადგენლობითი სტრუქტურის (აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უზენაესი საბჭოს) და მეთაურის (ცხინვალის რეგიონის ყოფილი სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქი) დროებითი ადმინისტრაციის ხელმძღვანელის) პერიოდულ და პირდაპირი გზით არჩევნებს. მიღებულ იქნება კანონი აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს პერიოდული და პირდაპირი გზით არჩევნების შესახებ. დევნილებს უნდა დაუბრუნდეთ საარჩევნო უფლება საკუთარ წარმომადგენლობით ორგანოში. დეოკუპაციის პოლიტიკის ერთ-ერთი ძირითადი კომპონენტია საერთაშორისო პოლიტიკურ და სამართლებრივ დოკუმენტებში უკვე დამკვიდრებული ტერმინის - „ოკუპაცია“ - შენარჩუნება; საერთაშორისო საზოგადოებამ უნდა გააგრძელოს, ერთი მხრივ, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების არაღიარების პოლიტიკა და, მეორე მხრივ, აღიაროს ამ რეგიონებში ეთნიკური წმენდისა და ეთნიკურ ნიადაგზე დევნის ფაქტები.

პარტიის პოზიცია