შეადარეთ პოლიტიკური პროგრამები თემატურად
ევროპული საქართველო - მოძრაობა თავისუფლებისთვის

ბავშვებს უნდა ჰქონდეთ საშუალება და შესაძლებლობა, აღიზარდონ ჯანმრთელობისთვის სასარგებლო და ნორმალურ პირობებში. საქართველოში ამ მხრივ მთავარი გამოწვევა სიღარიბეა. დღეს 53.4 ათასი ბავშვი ცხოვრობს უკიდურეს სიღარიბეში. ზოგად სიღარიბეში მცხოვრები ბავშვების რაოდენობა კი 216.8 ათასია, რაც კატასტროფული მაჩვენებელია. იმის მიუხედავად, რომ ფულადი სოციალური დახმარება ბავშვზე 2019 წელს გაიზარდა, აღნიშნული რეფორმა გრძელვადიან პერსპექტივაში ვერ უზრუნველყოფს ბავშვთა სოციალური მდგომარეობის რადიკალურად გაუმჯობესებას. ჩვენი აზრით, ეტაპობრივად მზარდ სოციალურ დახმარებებთან ერთად, აუცილებელია ეკონომიკური საქმიანობიდან მიღებული შემოსავლების ზრდა. ეს ქვეყნის სიღარიბიდან გამოსვლასთან ერთად, გრძელვადიან პერსპექტივაში ბავშვთა სიღარიბესაც შეამცირებს. სიღარიბის დაძლევის ერთადერთი ეფექტიანი გზა სწრაფი ეკონომიკური ზრდაა, რისთვისაც „ევროპული საქართველო“ გაატარებს მთელ რიგ ეკონომიკურ რეფორმებს. ამასთან ერთად, აუცილებელია ადეკვატურად შეფასდეს არსებული სოციალური შეღავათების სისტემის ეფექტიანობა. ასევე მნიშვნელოვანია გადაისინჯოს მეთოდოლოგია, რომლითაც ოჯახებს სარეიტინგო ქულები ენიჭებათ. ოჯახებისთვის სარეიტინგო ქულების მინიჭებისას გასათვალისწინებელია ბავშვთა საჭიროებები. ბავშვთა უფლებების დაცვისთვის ჩვენთვის პრიორიტეტულია შემდეგ მიმართულებებზე მუშაობა:

 

  • ყველა ბავშვისთვის თანაბარი სასტარტო პირობების შექმნა;
  • ძალადობისგან თავისუფალი სიცოცხლე ყველა ბავშვისთვის;
  • ბავშვთა მიმართ კეთილგანწყობილი მართლმსაჯულების სისტემა, რომელიც გაითვალისწინებს ბავშვთა საუკეთესო ინტერესებს.

პარტიის პოზიცია