შეადარეთ პოლიტიკური პროგრამები თემატურად
ევროპული საქართველო - მოძრაობა თავისუფლებისთვის

საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებული პირებისთვის, მათ საკუთარ სახლებში ღირსეულ და უსაფრთხო დაბრუნებამდე, სოციალური დაცვის ადეკვატური სქემის უზრუნველყოფის მიზნით „ევროპული საქართველო“ გადადგამს შემდეგ ნაბიჯებს:

 

  • დევნილის პოლიტიკური და სოციალური სტატუსის გამიჯვნა. დევნილთა და მათი შთამომავლების უფლება, დაუბრუნდნენ საკუთარ სახლ-კარს ხელშეუხებელია და აღიარებულია როგორც ადგილობრივი, ისე საერთაშორისო კანონმდებლობით, აგრეთვე ადამიანის უფლებების ფუნდამენტური პრინციპებით. ამავდროულად, დევნილთა სოციალური დაცვა უნდა მოექცეს საერთო-ეროვნულ პროგრამებში და აღმოიფხვრას ამ მხრივ დღეს არსებული დისკრიმინაცია;
  • დევნილთა დახმარებისა და მათი ღირსეული საცხოვრებლით დაკმაყოფილების პროგრამების გაგრძელება. ეს ამოცანა განხორციელდება იმ დათქმით, რომ დევნილების, როგორც საქართველოს მოქალაქეების უფლება – დაბრუნდნენ ოკუპირებულ ტერიტორიაზე, ისევე როგორც მათი საკუთრების უფლებები, ხელშეუხებელია. შემუშავდება საცხოვრებლით დაკმაყოფილების მრავალფეროვანი პროგრამები (ახალი მშენებლობები, არსებული შენობების გარემონტება, სოფლად სახლების ყიდვა, ბინების შესყიდვა სახელმწიფოს თანამონაწილეობით და ა.შ.), დაცული იქნება პარიტეტი კომპაქტური დასახლებების დევნილებსა და ე.წ. კერძო სექტორში განსახლებულ დევნილ ოჯახებს შორის. აღნიშნული ღონისძიებები თავიდან აგვაცილებს დევნილთა მიერ წლობით საცხოვრებლის მიმღებთა რიგში დგომას;
  • დევნილების დასაქმების ხელშეწყობა. საერთაშორისო დონორების აქტიური მონაწილეობით, დევნილთა როგორც დიდ, ისე მცირე კომპაქტურ ჩასახლებებში განვახორციელებთ მიკროპროექტებს დევნილთა დასაქმებისა და შემოსავლებით უზრუნველყოფის მიზნით; ასევე უზრუნველვყოფთ დევნილთა ჩართულობას პროფესიული გადამზადების პროგრამებში.

პარტიის პოზიცია