ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო
მომავალი 4 წლის განმავლობაში განხორციელებული ღონისძიებები საქართველოს კიდევ უფრო დააახლოებს ნატოში გაწევრიანების მიზანთან და გაზრდის ქვეყნის თავდაცვისუნარიანობას. მომდევნო წლების განმავლობაში მთავარი აქცენტი გაკეთდება საბრძოლო მომზადებაზე და თანამედროვე შეიარაღების შესყიდვაზე; მოხდება ნატოსთან თავსებადი თანამედროვე ტექნიკით და შეიარაღებით აღჭურვილი მოქნილი და ადაპტირებადი თავდაცვის ძალების ჩამოყალიბება; გაგრძელდება თავდაცვის ძალების ინსტიტუციური განვითარება, განათლება და წვრთნა. ჩვენ მიერ შემუშავებული თავდაცვის ძალების ათწლიანი შესაძლებლობების განვითარების ხედვის ფარგლებში განვავითარებთ ჯავშან-საწინააღმდეგო, საჰაერო თავდაცვის, საარტილერიო, სადაზვერვო, საავიაციო, საინჟინრო, სატრანსპორტო და ლოჯისტიკურ შესაძლებლობებს. განსაკუთრებულ ყურადღებას მივაქცევთ სპეციალური ოპერაციების ძალების განვითარებას, განათლებასა და საბრძოლო მომზადებას.
ტოტალური თავდაცვის პრინციპებიდან გამომდინარე, განხორციელდება ეფექტიანი სარეზერვო სისტემის ჩამოყალიბება და რეგულარულ დანაყოფებთან ინტეგრირება, ასევე, ნატოში საბოლოო ინტეგრაციის მიზნით, გაძლიერდება პარტნიორობის მექანიზმების გამოყენება. გლობალური გამოწვევების ფონზე, გავაგრძელებთ ნატოელ პარტნიორებთან ერთად მსოფლიო მშვიდობისა და უსაფრთხოების დაცვას; კიდევ უფრო გაღრმავდება ჩვენი სტრატეგიული პარტნიორობა ამერიკის შეერთებულ შტატებთან; კიდევ უფრო გაძლიერდება სამხედრო ინფრასტრუქტურისა და ლოჯისტიკური შესაძლებლობების მოდერნიზაციის პროცესი; გადაიდგმება ქმედითი ნაბიჯები სამხედრო მრეწველობის განვითარებისა და მისი საექსპორტო პოტენციალის ზრდისათვის; გავაგრძელებთ სამხედრო მოსამსახურეებისა და მათი ოჯახის წევრთა სოციალური პირობების გაუმჯობესებას.