ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო
მომდევნო 4 წლის განმავლობაში ,,ქართული ოცნება“ ჯანსაღი საარსებო გარემოს უზრუნველყოფის მიზნით, მდგრადი განვითარებისა და მწვანე ეკონომიკის პრინციპებზე დაყრდნობით, უზრუნველყოფს მასშტაბური რეფორმების გატარებას გარემოს დაცვის მიმართულებით. მომდევნო წლების განმავლობაში შეიქმნება 180 ათას ჰექტარზე მეტი ახალი დაცული ტერიტორია. ბუნებრივ რესურსებზე, ტყეზე ზეწოლის შემცირების მიზნით და ასევე, მწვანე, ტყის ნარჩენის ეფექტიანი გამოყენების მიზნით, წახალისდება ალტერნატიული საწვავის გამოყენება, მათ შორის ბიომასის გამოყენება. ხელი შეეწყობა ტყის რეკრეაციული მიზნით გამოყენებას, მათ შორის ეკოტურიზმის განვითარებას, რის პოტენციალიც ჩვენს სახელმწიფოს ძალიან დიდი აქვს. გაგრძელდება ტყის მდგრადი მართვის პრინციპების დანერგვა. საწარმოებისთვის შეიქმნება თანამედროვე, ევროპული გარემოსდაცვითი სტანდარტები, რაც იმის საწინდარია, რომ გარემოს დაბინძურება მინიმუმამდე იქნეს დაყვანილი.
ატმოსფერული ჰაერისა და წყლის დაცვის სისტემების კონტროლი გაიზრდება და გაფართოვდება შესაბამისი ქსელი. ყველა სტიქიურად აქტიურ ხეობაში დამონტაჟდება ადრეული გაფრთხილების სისტემა. ცირკულარული ეკონომიკის განვითარებისთვის, ხელი შეეწყობა ნარჩენების წარმოქმნის პრევენციას, ნარჩენების დახარისხებასა და გადამუშავებას იმისთვის, რომ ნარჩენიდან ახალი პროდუქტი მივიღოთ. განსაკუთრებული ყურადღება დაეთმობა ქალაქებში სწორ ურბანულ განვითარებას, გამწვანებასა და ჰაერის ხარისხის შენარჩუნებას, მათ შორის სწორი სატრანსპორტო პოლიტიკის გატარების გზით. მომდევნო 4 წლის განმავლობაში ქართული კანონმდებლობა გარემოს დაცვის სფეროში, თვისობრივად დაუახლოვდება ევროკავშირის კანონმდებლობას, მათ შორის მოქალაქეთა ჩართულობის კუთხით.