თავდაცვის საკითხებზე შევიმუშავეთ ჩვენი კონცეფცია სახელწოდებით „მომავლის არმია“. მის 200-მდე პუნქტში დეტალურად ჩამოვაყალიბეთ ჩვენი პოზიცია და ძირითადი პრინციპები:
საპარლამენტო პარტიებმა უნდა გააფორმონ „თავდაცვის აქტი“, ანუ თავდაცვის ძალების განვითარების 8-წლიანი შეთანხმებული ხედვა, რომელსაც ვერცერთი პარტია ან დარგობრივი მინისტრი ვეღარ შეცვლის თვითნებურად და რასაც დაეფუძნება თავდაცვის კონკრეტული გეგმები. შედეგად, თავდაცვის სისტემა გახდება მდგრადი, ლოგიკური, სამართლიანი, უკეთ დაფინანსებული და შედეგზე ორიენტირებული.
მაქსიმალურად ინტენსიური უნდა გახდეს ჯარების საბრძოლო მომზადების პროცესი, უნდა შემუშავდეს კონკრეტული რაიონების დაცვის დეტალური გეგმები, რეგულარული არმიის, რეზერვისტთა და მოხალისეთა დანაყოფების გამოყენებით.
მოქალაქეები ფართოდ უნდა ჩაებან თავდაცვის ძალების სარეზერვო კომპონენტებში. მოქალაქეს უნდა ჰქონდეს საშუალება, გახდეს თავდაცვის ძალების წევრი. უნდა შეიქმნას მოხალისეთა „თავდაცვის ლიგა“, მთელ ქვეყანაში გაიშალოს ახალგაზრდული ლეგიონის საქმიანობა და მკვეთრად გაიზარდოს სამობილიზაციო შესაძლებლობები. უნდა დაარსდეს ღია სასროლეთები და მსროლელთა კლუბები, ამაღლდეს იარაღის კულტურა ხალხში.