„მოქალაქეები“ განათლების სისტემაში იმ პრობლემებზე ვამახვილებთ ყურადღებას, რომელთა მოგვარება მხოლოდ კეთილ ნებაზეა დამოკიდებული, შესაბამისად, შედეგსაც შეიძლება სწრაფად მივაღწიოთ.
თუკი რამემ დააზიანა განათლების სისტემა, უპირველეს ყოვლისა, რეფორმების სწრაფად გატარებამ, რაც მთავრობიდან მთავრობამდე ფუნდამენტურ ცვლილებებს გულისხმობს. საჭიროა ერთიანი გრძელვადიანი საყოველთაო კონსენსუსის საფუძველზე ჩამოყალიბდეს დოკუმენტი, რომელიც იმოქმედებს ხელისუფლების ცვლილებების მიუხედავად.
გარდა ამისა, „მოქალაქეებს“ თანამედროვე განათლების სისტემის ყველაზე დიდ ამოცანად მიაჩნიათ მთლიანად სისტემის, განსაკუთრებით სკოლების დეპოლიტიზების საკითხი. საქართველოში აბსოლუტურად საკმარისი რაოდენობის სკოლები გვაქვს, ასევე საკმარისზე მეტი მასწავლებელი გვყავს (საქართველოში ერთ მასწავლებელზე მოდის 9 მოსწავლე, როცა საფრანგეთში ეს მაჩვენებელი 18-ია, მეზობელ ქვეყნებში - 15 და ა.შ.). განათლების სამინისტროსაც, სხვა სამინისტროებთან შედარებით, გაცილებით მაღალი ბიუჯეტი აქვს, მასწავლებლის ხელფასი ბოლო წლებთან შედარებით გაუმჯობესდა, თუმცა, ამის მიუხედავად, სკოლები ვერ უზრუნველყოფენ ხარისხიანი განათლების მიწოდებას. ჩვენი აზრით, პრობლემის ფუნდამენტური მიზეზი ის არის, რომ დღეს მასწავლებლის შრომა არ ფასდება იმის მიხედვით, თუ რა ასწავლეს მათ ბავშვებს. სამწუხაროდ, მასწავლებლის ინსტიტუტი დღემდე მმართველი პარტიების მხრიდან აღიქმება, როგორც ადმინისტრაციული რესურსი, ამიტომაც გადაუდებელი ამოცანაა სკოლების სრული დეპოლიტიზება.
რაც შეეხება უმაღლეს სასწავლებლებს, უნივერსიტეტებში უნდა გაძლიერდეს პროფესიული მიმართულებების - აგროსპეციალობების აკადემიურ დონეზე ინტერდისციპლინური სწავლებები. დღეის მდგომარეობით, უმაღლეს სასწავლებელს სტუდენტთა უდიდესი ნაწილი ამთავრებს, თუმცა მათი მხოლოდ მცირე ნაწილი ფლობს სათანადო პროფესიულ უნარ-ჩვევებს, მეტიც, უმრავლესობა საერთოდ ვერ ახერხებს სპეციალობით დასაქმებას. დღეს საქართველოში მხოლოდ ერთი უნივერსიტეტი ასწავლის აგროსპეციალობას, მაშინ როდესაც თელავის, ქუთაისის, ზუგდიდის, ახალციხის, ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტებში, თითქმის ყველგან, ისწავლება იურისპრუდენცია და არ ისწავლება ადგილობრივ მეურნეობაზე მორგებული არცერთი დისციპლინა. შედეგად, ქვეყანას უწევს უცხოელი ექსპერტების, ინჟინრების, აგროტექნოლოგების დაქირავება. ამ დისციპლინების განვითარებით კი შევძლებთ სწორედ იმ პროფესიის ხალხი გვყავდეს ქვეყანაში, რომლებზეც დიდი მოთხოვნაა შრომით ბაზარზე.