შეადარეთ პოლიტიკური პროგრამები თემატურად
ალეკო ელისაშვილი - მოქალაქეები

პანდემიის პირობებში ყველაზე დიდი ეკონომიკური დარტყმა სწორედ ტურიზმის სფეროს მიადგა. სწორედ ამიტომ, ტურიზმის სფეროში დასაქმებულებს მაქსიმალურად უნდა გაუხანგრძლივდეთ საგადასახდო შეღავათები, რათა გადასახადებისთვის განკუთვნილი თანხა ბიზნესის, ხელფასების, თანამშრომლების შესანარჩუნებლად გამოიყენონ. გარდა ამისა, პარტია „მოქალაქეებს“ ტურიზმის გასავითარებლად შემუშავებული აქვს გრძელვადიანი გეგმა, რომელიც ეფუძნება კონცეფციას სახელწოდებით „მემკვიდრეობა გაგვამდიდრებს“. დღეს საქართველოში არსებული კულტურული მემკვიდრეობის პოტენციალის მხოლოდ მცირე ნაწილია ათვისებული, მათი მაქსიმალურად გამოყენება კი სერიოზულად წაახალისებს ტურიზმის სფეროს და შესაბამისად, მეტ ეკონომიკურ სარგებელსაც მოუტანს ქვეყანას. მაგალითად, ჩვენი გეგმის მიხედვით სრულად უნდა მოხდეს სახელმწიფო საკუთრებაში არსებული საფორტიფიკაციო (ციხესიმაგრეების) ნაგებობების პრივატიზება. დღეს ასეთი ნაგებობების 99% სახელმწიფოს ხელშია და არცერთი არ არის ფუნქციურად სრულად დატვირთული, მათი უმეტესობა მიტოვებულია. ამის ყველაზე ნათელი მაგალითია გორის ციხე, რომელიც ურბანულ ცენტრში მდებარეობს და არანაირი ფუნქცია არ გააჩნია. ამ ნაგებობების პრივატიზების შემთხვევაში ინვესტორს უნდა დაეკისროს მათი რესტავრირებისა და იქ ტურისტული ცენტრების ჩამოყალიბების ვალდებულება. ყოველივე ეს ადგილობრივად - სოფლებში, რეგიონებში - განავითარებს მცირე მეწარმეობას, გააჩენს უამრავ სამუშაო ადგილს და ა.შ.

 

  • ჩვენი გეგმის მიხედვით, უნდა განვითარდეს ღვინის ტურიზმი. არქეოლოგიური კვლევების თანახმად, პირველად საქართველოში დაიწყო ღვინის წარმოება, თუმცა ამის შესახებ მსოფლიოში ბევრმა არ იცის. პირველ რიგში, ამისთვის უნდა შეიქმნას ღვინის მუზეუმი შულავერში, სწორედ იქ, სადაც ეს წიპწის ნარჩენები, პირველი ღვინის მჟავა აღმოაჩინეს.
  • უნდა განვითარდეს არქეოლოგიური ტურიზმი, რაც ქვეყნის ეკონომიკას უსათუოდ წაადგება. საქართველოში არსებული არქეოლოგიური ფენების უმეტესობა დღემდე აუთვისებელია. მსოფლიოს წამყვანი არქეოლოგებისთვის/მკვლევრებისთვის ეს იქნება საუკეთესო შესაძლებლობა, სხვა ქვეყნებთან შედარებით, იაფად, სრულიად დაუმუშავებელ გარემოში ჩაატარონ კვლევითი-სასწავლო ღონისძიებები, წამყვანმა აკადემიურმა დაწესებულებებმა კი მეტად ხელმისაწვდომ ფასად დაგეგმონ საველე პრაქტიკის არქეოლოგიური სწავლებები.

პარტიის პოზიცია