შეადარეთ პოლიტიკური პროგრამები თემატურად
ალეკო ელისაშვილი - მოქალაქეები

ჩვენი სოფლის მეურნეობის გეგმის მიხედვით, მაქსიმალურად უნდა შემცირდეს სასურსათო პროდუქტებით იმპორტზე დამოკიდებულება. ამისთვის საჭიროა: ადგილობრივი ქართული პროდუქციის რაოდენობის გაზრდა; ქართული პროდუქციისთვის სათანადო ბაზრის არსებობა - მეურნეს უნდა ჰქონდეს გარანტია იმისა, რომ გაუსაღებელი პროდუქცია არ დარჩებას; დარგობრივი, ჩვენთვის კარგად ნაცნობი სამეურნეო კულტურების განვითარება და ბოლომდე ათვისება.

 

  • მოსავლიანობის გაზრდის ხელშეწყობისთვის აუცილებელია სოფლის მეურნეობაში თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენება, რაც გულისხმობს სარწყავი სისტემების, სტიქიისგან დაცვისა და სწრაფად დასამუშავებელი მექანიზმების დანერგვას.
  • ქართული პროდუქციის გამოყენების წახალისების მიზნით, სახელმწიფო ინსტიტუტებს (ჯარი, ციხეები, სკოლები და ა.შ.) უნდა დაეკისროთ მხოლოდ ქართული პროდუქციის შესყიდვის ვალდებულება. გარდა ამისა, მოსავლის სრულად ათვისებისთვის გარანტიების შესაქმნელად, უნდა არსებობდეს ე.წ. სოფლის კოოპერატივები, რომლებსაც ექნებათ ურბანულ ცენტრებში არსებული კორპუსის ამხანაგობების სტრუქტურის სახე.
  • განსაკუთრებული ყურადღება უნდა მიექცეს საქართველოში ისტორიულად გამოცდილ და დახელოვნებულ მეურნეობებს. ამის მაგალითია მევენახეობა. მიუხედავად იმისა, რომ საქართველოს ღვინის წარმოების 8000-წლიანი გამოცდილება აქვს, ღვინის ექსპორტით მიღებული წლიური შემოსავალი მხოლოდ 250 მილიონი დოლარია, მაშინ როცა ახალი ზელანდიისთვის, სადაც მხოლოდ საუკუნის წინ დაირგო პირველი ვაზი, იგივე მაჩვენებელი 1 200 000 000 დოლარს შეადგენს. ამჟამად კი მთავრობას მეღვინეობა-მევენახეობის დარგის გასავითარებლად სახელმწიფო ბიუჯეტის მხოლოდ 0.001% აქვს გამოყოფილი. ეს წილი საგრძნობლად უნდა გაიზარდოს, რათა რაც შეიძლება მაქსიმალური ინფორმაცია მივაწოდოთ მსოფლიოს ჩვენი ღვინის მეურნეობის შესახებ. მათ უნდა იცოდნენ, რომ სწორედ აქ, ჩვენს ტერიტორიაზე დაამზადეს მსოფლიოში ყველაზე ძველი ღვინო, როგორც ეს არქეოლოგიური გათხრების შედეგადაა დადასტურებული. გარდა ამისა, სახელმწიფო პრიორიტეტს უნდა წარმოადგენდეს პროფესიონალი აგრონომების, მეურნეების, მეღვინეების მომრავლება ქვეყანაში, რისთვისაც უწინარესად საუნივერსიტეტო დონეზე უნდა შეიქმნას ამ დარგების სპეციალისტთა მომზადების საფუძველი. მინიმუმ, თელავში არსებულ სახელმწიფო უნივერსიტეტს უნდა შეეძლოს ამ დარგში მაღალკვალიფიციური კადრების მომზადება, რათა ადგილობრივ მეურნეს აღარ მოუხდეს უცხოელი აგრონომების ჩამოყვანა და დაქირავება.

პარტიის პოზიცია