სამართლიანობისთვის
საქართველო, როგორც მრავალსაუკუნოვანი ისტორიისა და კულტურის მქონე სახელმწიფოს სწრაფი ინტეგრაცია ევროპულ ოჯახში, გაწევრიანება ევროკავშირსა და ჩრდილოატლანტიკურ ორგანიზაციაში ჩვენი ქვეყნის არჩევანია.
პარტიას აღნიშნულ ორგანიზაციებში გაწევრიანება მიაჩნია ეგზისტენციალური მნიშვნელობის საკითხად ქართული სახელმწიფოებრიობისთვის. სწორედ ამიტომ, საქართველომ აქტიურად უნდა განახორციელოს ყველა დემოკრატიული რეფორმა, რათა არ შეფერხდეს ეს პროცესი. მნიშვნელოვანია, რომ საქართველომ ჯეროვნად შეასრულოს საერთაშორისოდ ნაკისრი ვალდებულებები.
სახელმწიფოს განვითარებას დიდწილად განაპირობებს მისი საგარეო პოლიტიკის მიმართულებები. სწორედ ამიტომ, პარტია აქტიურად იმუშავებს იმისთვის, რომ დაიცვას საქართველოს ინტერესები საერთაშორისო ასპარეზზე.
პარტია პატივს სცემს სხვა სახელმწიფოების სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში, მიიჩნევს მათ თანასწორუფლებიან სუბიექტებად და მიესალმება მათთან თანამშრომლობას. პარტიის პოზიციაა, ნებისმიერი უთანხმოება, რომელიც არსებობს/იარსებებს საერთაშორისო არენაზე, მოგვარდეს მშვიდობიანი მოლაპარაკებების გზით. საქართველომ აქტიურად უნდა გამოიყენოს თავისი შესაძლებლობები მსოფლიო უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად.
პარტია მხარს უჭერს საქართველოს მონაწილეობას საერთაშორისო სამშვიდობო მისიებში. საქართველო გააგრძელებს გლობალური უსაფრთხოების შენარჩუნების პროცესში მნიშვნელოვანი კონტრიბუციის შეტანას მოკავშირე სახელმწიფოებთან ერთად. საერთაშორისო ურთიერთობებში საქართველომ უნდა გააგრძელოს და ამასთან, გააძლიეროს ოკუპირებული ტერიტორიების არაღიარების პოლიტიკა. ამ მიზნით, არსებითი მნიშვნელობა აქვს სხვადასხვა სახელმწიფოსთან აქტიურ თანამშრომლობას. პარტია საგარეო პოლიტიკის წარმართვის დროს იხელმძღვანელებს სახელმწიფოებრივი ინტერესების შესაბამისად.