გარემოს დაცვა განსაზღვრავს საზოგადოების ჯანმრთელობას. ჩვენ სასიცოცხლოდ მნიშვნელოვნად მივიჩნევთ გარემოზე ზრუნვას და გარემოს გაჯანსაღებას.
ჩამოყალიბდება გამჭვირვალე პროცედურებზე დაფუძნებული გარემოზე ზემოქმედების შეფასების სისტემა.
დაიხვეწება გარემოზე ზემოქმედების შეფასებას დაქვემდებარებული რისკების შემცველი საქმიანობის ჩამონათვალი.
უფრო ეფექტიანი გახდება მოსახლეობის მონაწილეობა გადაწყვეტილების მიღების პროცესში.
ქვეყნის სივრცითი მოწყობისა და ქალაქების განვითარების გეგმებს, აგრეთვე სხვადასხვა სექტორში მომზადებულ გეგმებს/პროგრამებს ჩაუტარდება სტრატეგიული გარემოსდაცვითი შეფასება.
გარემოზე ზემოქმედებით გამოწვეული ეკოლოგიური დანაკარგების კომპენსაციის მიზნით, ჩამოყალიბდება გარემოსდაცვითი პასუხისმგებლობის ეფექტიანი სისტემა.
მოწესრიგდება სასარგებლო წიაღისეულის შესწავლისა და მოპოვების საკითხები, რათა სტიმული მიეცეს კერძო სექტორს და მაქსიმალურად დაინტერესდეს ამ სფეროთი.
ლიცენზირების პროცესში გათვალისწინებული იქნება ეკოლოგიური ასპექტები.
სახელმწიფო შეძლებს რესურსების ეფექტიანად გამოყენებასა და ათვისებას.
სახელმწიფო უზრუნველყოფს დაცული ტერიტორიების გაფართოებასა და ეკოტურიზმის ხელშეწყობას.
ტყის მდგრადი მართვის დანერგვისა და ხელშეწყობის მიზნით დამკვიდრდება ტყეების მოვლის, დაცვისა და აღდგენის ეფექტიანი მექანიზმები.
ქვეყნის სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის გათვალისწინებით, გაგრძელდება მერქნულ რესურსზე მოსახლეობის მოთხოვნის დაკმაყოფილება.
სახელმწიფო ხელს შეუწყობს ბიომასისა და ტყეში არსებული ნარჩენების გადამუშავებით ალტერნატიული ენერგორესურსების შექმნას, თბოეფექტური ღუმელების ადგილობრივი წარმოების ხელშეწყობასა და გავრცელებას.
გაგრძელდება ქალაქებისა და დასახლებული პუნქტების გამწვანებისთვის, ქარსაფარი ზოლებისა და ტყეების აღდგენა-განაშენიანებისთვის ხე-მცენარეების ნერგების გამოყვანა, ბიომრავალფეროვნების შენარჩუნებისთვის ფლორისა და ფაუნის ენდემური სახეობების გამოყვანა და ბუნებრივ გარემოში გამრავლება.
კატასტროფული მოვლენებით გამოწვეული საფრთხეების რისკების შემცირების მიზნით გაფართოვდება მეტეოროლოგიური და ჰიდროლოგიური დაკვირვების ქსელი.
გაუმჯობესდება ატმოსფერული ჰაერისა და წყლის ხარისხის მონიტორინგისა და შეფასების სისტემა.
ატმოსფერული ჰაერის ხარისხის გაუმჯობესების მიზნით დადგინდება საწვავის ხარისხობრივი ნორმები.
გაუმჯობესდება ბირთვული და რადიაციული უსაფრთხოების სფეროში კონტროლის სისტემა, რომელმაც უნდა უზრუნველყოს მოსახლეობის დაცვა.
გაგრძელდება გარემოსდაცვითი განათლების ხელშეწყობისა და გარემოსდაცვითი ცნობიერების ამაღლებისკენ მიმართული ღონისძიებები.