კულტურას სჭირდება განსაკუთრებული ზრუნვა, საქართველოს კულტურული იდენტობის პოპულარიზება და ხელშეწყობა. კულტურა ცალკე უნდა გამოეყოს სხვა სფეროებს და მკაფიოდ განისაზღვროს სახელმწიფოს გრძელვადიანი პოლიტიკა ამ მიმართულებით.
გაიზრდება კულტურისა და ძეგლთა დაცვის სფეროს დაფინანსება.
დაიხვეწება კულტურასა და ძეგლთა დაცვასთან დაკავშირებული კანონმდებლობა. შემუშავდება კულტურული მემკვიდრეობის კოდექსი, რომელიც შექმნის კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სათანადო საკანონმდებლო საფუძვლებს.
კულტურის მართვა გახდება უფრო ღია, გამჭვირვალე და ინკლუზიური. გაიზრდება ექსპერტთა და პროფესიონალთა ჩართულობა გადაწყვეტილების მიღების, დარგობრივი სტრატეგიების შემუშავების პროცესში.
გაიზრდება კულტურის ხელმისაწვდომობა ფართო საზოგადოებისთვის, განსაკუთრებით რეგიონების მოსახლეობისთვის, ეთნიკური უმცირესობებისა და შშმ პირებისთვის.
განხორციელდება ინფრასტრუქტურული პროექტები კულტურისა და ძეგლთა დაცვის მემკვიდრეობის შესანარჩუნებლად. დიდი ძალისხმევა მოხმარდება კულტურის პოპულარიზაციას მოსახლეობის ფართო ფენებში, ხელი შეეწყობა მედიისა და მაუწყებლის პოტენციალის გამოყენებას კულტურისა და შემოქმედებითი სექტორის პოპულარიზაციისა და განვითარებისთვის.
აუცილებელია კულტურის ინტეგრირება სხვა დარგებთან, განსაკუთრებით ეკონომიკურ პოლიტიკაში. გაძლიერდება კომუნიკაცია კულტურის სფეროს მუშაკებსა და ბიზნეს სტრუქტურებს შორის, განმტკიცდება პარტნიორობა სახელმწიფოსა და კერძო სექტორს შორის.
ხელი შეეწყობა კულტურის სფეროს პოტენციალის სამეწარმეო მიმართულებით ათვისებას, მათ შორის რეწვის ტრადიციული ეროვნული მიმართულებით.
ხელს შევუწყობთ შემოქმედებითი ინდუსტრიების განვითარებისთვის საჭირო სივრცეებსა და დაწესებულებებს: ლაბორატორიებს, ინკუბატორებს.
შემუშავდება შემოქმედებითი ინდუსტრიების წახალისების მექანიზმები.
გაუმჯობესდება კულტურის საექსპორტო პოტენციალის ათვისების დონე, ასევე ქართული კულტურის ინტერნაციონალიზაცია და მისი გლობალურ კონტექსტში წარმოჩენა.
განხორციელდება პროექტები კულტურის დიგიტალიზაციის ხელშესაწყობად.
უზრუნველვყოფთ ნიჭიერ ხელოვანთა მხარდაჭერას.
ხელი შეეწყობა სახელოვნებო განათლების განვითარებას, დარგის სპეციალისტების კვალიფიკაციის ამაღლებას.
უზრუნველყოფილი იქნება ხელოვნების სხვადასხვა დარგის პოპულარიზაცია ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებში.
შემუშავდება კულტურის მოღვაწეთა სოციალური დაცვის დამატებითი მექანიზმები.