სამართლიანობისთვის
ეროვნული უმცირესობების უფლებების დაცვისა და რეალიზების უზრუნველსაყოფად საქართველოს ყველა მოქალაქეს, განურჩევლად ეთნიკური წარმომავლობისა, უნდა ჰქონდეს შესაძლებლობა, სრულფასოვნად ჩაერთოს საზოგადოებრივი ცხოვრების ყველა სფეროში, ქვეყნის ეკონომიკურ განვითარებაში, პოლიტიკურ და სამოქალაქო პროცესებში. პრიორიტეტული გახდება სახელმწიფო ენის ცოდნის ამაღლება. ეს გადაუდებელი ამოცანაა, რადგან ქართული ენის არცოდნა წინაღობას უქმნის ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენლებს, აქტიურად ჩაერთონ სახელმწიფოს ცხოვრებაში. შესაბამისად, გაიზრდება სახელმწიფო ენის სწავლების პროგრამების ეფექტიანობა, გაფართოვდება წვდომა სახელმწიფო ენის პროგრამებზე აკადემიური პროცესის მიღმაც. უზრუნველყოფილი იქნება ქართული ენის მიზნობრივი სწავლება საჯარო სექტორში დასაქმებული ეთნიკური უმცირესობის წარმომადგენლებისთვის. კომპაქტურად დასახლებულ რეგიონებში ეთნიკური უმცირესობებისთვის გაუმჯობესდება ადმინისტრაციული წარმოების დოკუმენტებისა და საზოგადოებრივი მომსახურების ხელმისაწვდომობა. განათლების სტრატეგიული დოკუმენტის შესაბამისად, გადაიდგმება ქმედითი ნაბიჯები იმისთვის, რომ მნიშვნელოვნად გაუმჯობესდეს ხარისხიან განათლებაზე ხელმისაწვდომობა განათლების ყველა საფეხურზე.
გაუმჯობესდება მედიასა და ინფორმაციაზე ხელმისაწვდომობა და შესაბამისად, ეროვნული უმცირესობების ერთიან საინფორმაციო სივრცეში ჩართვა, რაც წარმატებული სამოქალაქო ინტეგრაციის პროცესის ერთ-ერთი წინაპირობაა. ეთნიკური უმცირესობებით დასახლებულ რეგიონებში გაგრძელდება ინფრასტრუქტურის, სოციალური და ეკონომიკური შესაძლებლობების განვითარება, მათ შორის სახელმწიფოს შესაბამის პროგრამებსა და სერვისებზე მათთვის გასაგებ ენაზე სრულყოფილი ინფორმაციის ხელმისაწვდომობის გაზრდით.
უზრუნველყოფილი იქნება ეროვნულ უმცირესობათა კულტურული თვითმყოფადობის შენარჩუნებისა და განვითარების შესაძლებლობები, ტოლერანტული გარემოს წახალისება მთლიანად საზოგადოებაში.