საჭიროა განხორციელდეს როგორც გრძელვადიანი, ისე მოკლევადიანი რეფორმები სასამართლოს მოკლევადიანი რეფორმა:
საკონსტიტუციო ცვლილების განხორციელება;
რეფორმის განხორციელებამდე უნდა შეჩერდეს დარჩენილ ვაკანსიებზე მოსამართლეების შერჩევა, როგორც იუსტიციის უმაღლესი საბჭოს, ისე პარლამენტის მიერ;
პარლამენტმა ხელახლა უნდა ჩამოაყალიბოს იუსტიციის უმაღლესი საბჭო, რათა საბჭო გათავისუფლდეს კლანური მმართველობისგან;
საკონსტიტუციო ცვლილებებით უნდა გადავადდეს მოსამართლეთა უვადოდ დანიშვნა და ყველა მოსამართლის გამწესება მოხდეს ვადით (მაგ 10 წელი).
სასამართლო რეფორმის გრძელვადიანი გეგმა:
სასამართლო ხელისუფლების რეალური ცვლილებისთვის აუცილებელია ახალი მოსამართლეების მომზადება და გამწესება გამოსაცდელი სამწლიანი ვადით (კონსტიტუციის გარდამავალი დებულებებით 2024 წლამდე);
იუსტიციის უმაღლესი სკოლის რეფორმა (ე.წ. ბორდოს მოდელი), რათა გაიზარდოს სწავლების ხარისხი და საგამოცდო სისტემა;
იუსტიციის უმაღლესი სკოლა უნდა იყოს დამოუკიდებელი იუსტიციის საბჭოსგან;
საჭიროა სასამართლოს დაემატოს მინიმუმ 100 ახალი მოსამართლე;
გასატარებელია ცვლილებები ორგანულ კანონში, რათა დარეგულირდეს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს ფორმირებისა და გადაწყვეტილების მიღების წესი;
იუსტიციის უმაღლეს საბჭოს არ უნდა ჰქონდეს უზენაესი სასამართლოს მოსამართლეთა სიის ერთპიროვნულად დაკომპლექტების შესაძლებლობა. ამ მიმართულებით გასათვალისწინებელია ეუთო/ოდირის რეკომენდაციები;
აუცილებელია მოსამართლეთა დისციპლინური პასუხისმგებლობის მექანიზმის იუსტიციის საბჭოსგან დისტანცირება, მეტი დამოუკიდებლობა და გარე კონტროლი. არამოსამართლე წევრების როლის გაზრდა.
უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების არჩევის წესი:
უნდა შეიცვალოს უზენაესი სასამართლოს მოსამართლეთა არჩევის წესი;
უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატი არ შეიძლება იყოს პირი, რომელიც იყო იმ საქმის განმხილველი მოსამართლე, რომელშიც ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ დაადგინა ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის დარღვევა;
გადაწყვეტილება პარლამენტისთვის მოსამართლეობის კანდიდატის წარდგენის შესახებ მიიღება იმ შემთხვევაში, თუ მას მხარს დაუჭერს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მოსამართლე წევრთა არანაკლებ ორი მესამედი და არამოსამართლე წევრთა არანაკლებ ორი მესამედი;
მნიშვნელოვანია პარლამენტის მიერ კანდიდატთა განხილვის დროს საჯაროობისა და მაღალი ჩართულობის უზრუნველყოფა.