ჩვენი პარტიის მთავარი პრიორიტეტია მართლმსაჯულების რეფორმა და ამ რეფორმის შედეგად დამოუკიდებელი სასამართლო ხელისუფლების შექმნა. რეფორმაში მოიაზრება პროკურატურისა და შინაგან საქმეთა სამინისტროს რეფორმირების პროცესის ბოლომდე მიყვანა და ინსტიტუციონალური დამოუკიდებლობის მიღწევა ადამიანის უფლებათა დაცვის პრიმატით. მართლმსაჯულების რეფორმა გულისხმობს კონსტიტუციურ ცვლილებებსაც, კერძოდ, კონსტიტუციით უნდა შეიცვალოს სასამართლოს სისტემური რეფორმის დასრულებამდე მოსამართლეთა უვადო არჩევის წესი ვადიანი არჩევით. ეს გადაწყვეტილება მიზნად ისახავს სასამართლოში ისეთი მოსამართლეების არჩევას, რომლებსაც საზოგადოება ენდობა მათი კვალიფიკაციისა და კეთილსინდისიერების ტესტის გათვალისწინებით. კონსტიტუციით უნდა დარეგულირდეს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს ფორმირებისა და გადაწყვეტილების მიღების წესი.