სამართლიანობისთვის
სოფლის მეურნეობის განვითარება მიგვაჩნია პრიორიტეტულად და მნიშვნელოვნად. ძლიერი სოფელი არის წინაპირობა ძლიერი ქალაქის, ქვეყნის ეკონომიკური სიძლიერის, რომელიც საქართველოს ეკონომიკისთვის უმნიშვნელოვანეს როლს შეასრულებს. სწორი პოლიტიკა და რესურსების სწორად მიმართვა სოფლის მეურნეობაში და ეფექტიანი მონიტორინგი შედეგის სწრაფად მიღწევას განაპირობებს.
სასოფლო-სამეურნეო დარგში კოოპერაციის განვითარების მხარდაჭერა იქნება აგროპოლიტიკის სტრატეგიული მიმართულება. განხორციელდება სასოფლო-სამეურნეო მიწის ბაზრის რეფორმა, რომელმაც უნდა აღმოფხვრას სასოფლო მიწების ფრაგმენტაცია. შემუშავდება ფართობების კონსოლიდაციის გეგმა.
ხელს შევუწყობთ მოსავლის აღების შემდგომი ტექნოლოგიების დანერგვას, შემნახავი, დამხარისხებელი, შემფუთავი, გადამმუშავებელი და სადისტრიბუციო სექტორების განვითარებას. ამით უზრუნველყოფილი იქნება ინტეგრაცია, რაც აამაღლებს წარმოების კონკურენტუნარიანობას.
მცირემიწიანი ფერმერებისთვის ამოქმედდება საყოველთაო აგროდაზღვევის პროექტი, აღარ დარჩება დაუზღვეველი მოსავალი, რაც მოსახლეობას მნიშვნელოვან ზარალს ააცილებს. გაგრძელდება და კიდევ უფრო დაიხვეწება აგროდაზღვევის პროექტი, რაც ხელს შეუწყობს ფერმერთა ინტერესების დაცვას და აგროსექტორში მეტი ფინანსების მოზიდვას.
გაიზრდება მელიორირებული (წყალუზრუნველყოფილი და დრენირებული) მიწების ფართობები. განვითარდება და გაუმჯობესდება სარწყავი (საირიგაციო) და დამშრობი (სადრენაჟო) სისტემები. დაინერგება მორწყვის თანამედროვე სისტემები. განხორციელდება ეფექტიანი პროექტები წყალშეგროვების სფეროში.
გაგრძელდება მუშაობა ფერმერებისთვის ფინანსებზე ხელმისაწვდომობის მიმართულებით, რისთვისაც განმტკიცდება ფინანსურ ინსტიტუტებთან მჭიდრო თანამშრომლობა და ამაღლდება ფერმერთა შესაბამისი ცოდნა და კვალიფიკაცია.
მნიშვნელოვანი პროექტები განხორციელდება სასოფლო სამეურნეო ტექნიკის ხელმისაწვდომობის ასამაღლებლად.
გაგრძელდება სურსათის უვნებლობის სახელმწიფო კონტროლის ეფექტიანი და მოქნილი სისტემის ჩამოყალიბება. მნიშვნელოვანია სურსათის უვნებლობის, ვეტერინარიისა და ფიტოსანიტარიის კუთხით DCFTA-ს გეგმით გათვალისწინებული ევროკავშირის შესაბამის კანონმდებლობასთან ქართული კანონმდებლობის დაახლოების პროცესი.
გაგრძელდება მუშაობა ბიოაგრომეურნეობების, ქართული წარმოშობის განვითარებისთვის. შემუშავდება შესაბამისი საერთო-ეროვნული და რეგიონული პროგრამები. დაიხვეწება სოფლის მეურნეობის პროდუქციის ბაზრის საინფორმაციო ბაზა. ჩატარდება საერთაშორისო ბაზრის ანალიზი, სისტემური კვლევები და მომზადდება შესაბამისი რეკომენდაციები.