შეადარეთ პოლიტიკური პროგრამები თემატურად
ლელო საქართველოსთვის
შექმნილ ვითარებაში, საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა შესაძლებელი იქნება არა ეროვნული ან რეგიონული, არამედ გლობალური ძალთა ბალანსის ცვლილების პირობებში. ეს ცვლილება არის ცივილიზაციის მორიგი კანონზომიერება და იგი გახსნის გზას გამთლიანებისკენ. ჩვენი ამოცანაა, ამ ცვლილების მომწიფებასა და გზის გახსნას მაქსიმალურად მომზადებული შევხვდეთ, რათა გამთლიანების ობიექტურად რთულ პოლიტიკურ, ადამიანურ, ეკონომიკურ, სამართლებრივ და სტრუქტურულ ასპექტებს წარმატებით გავუმკლავდეთ. „ლელოს“ პოლიტიკის პრიორიტეტები იქნება: ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის სახელმწიფო სტრატეგიის დახვეწა, მასზე ფართო პოლიტიკური კონსენსუსის მიღწევა და სახელმწიფო პოლიტიკის მემკვიდრეობითობის უზრუნველყოფა; დემოკრატიული სამყაროს მიერ არაღიარების პოლიტიკის შენარჩუნება; საზოგადოებაში რაციონალური სახელმწიფოებრივი მიდგომების დამკვიდრება და სტერეოტიპების დაძლევა, ურომლისოდაც მომავალი შერიგება შეუძლებელი იქნება; ოკუპირებულ რეგიონებში მცხოვრები მოსახლეობისთვის განათლების, დასაქმებისა და წარმატების მიღწევის იმაზე უკეთესი ალტერნატივების გაჩენა, რასაც რუსეთი სთავაზობს, მათ შორის, ევროკავშირთან ასოცირების და ვიზა ლიბერალიზაციის შედეგად გაჩენილ შესაძლებლობებზე მათი ხელმისაწვდომობის გაზრდა; ჟენევის ფორმატის ხელშეუხებლად აფხაზებთან და ოსებთან თემატური დიალოგის რაც შეიძლება მეტი ფორმატის გაჩენა; ოკუპაციის ხაზებს მიღმა მცხოვრები მოქალაქეების სავაჭრო-სამეწარმეო ურთიერთობის წახალისება. ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტისა და მასთან დაკავშირებული მასშტაბური პროექტების განახლება უმნიშვნელოვანესი პლატფორმა გახდება ქართულ-აფხაზურ ურთიერთობებში გარღვევის მოსახდენად. უნდა გვახსოვდეს, რომ გამთლიანება მოგვიწევს აფხაზების იმ თაობებთან, რომელთა მოტივაციებში ნაკლებად იგრძნობა წარსულ-ემოციური („თვალცრემლიანი შეხვედრა ბავშვობის მეგობრებთან, ვისთანაც ხიდი ჩაგვიტყდა“) და მეტია მომავალ-რაციონალური („უკეთესი გარემო ინდივიდუალური და ეროვნული თვითმყოფადობის შენარჩუნებისა და ინტერესების რეალიზებისთვის“). აუცილებელია ისეთი ნაბიჯების გადადგმაც, რაშიც ხელს ვერანაირი ოკუპანტი ვერ შეგვიშლის და რაც გამთლიანების სახელმწიფო პოლიტიკის ურყევობის მკაფიო დემონსტრირება იქნება. ასეთ ნაბიჯად მიგვაჩნია სახელმწიფოებრივი ზრუნვა საქართველოს მეორე სახელმწიფო ენაზე - აფხაზურზე. მაგალითად, სახელმწიფო მმართველობის ცენტრალურ ორგანოებს დაევალებათ მნიშვნელოვანი ოფიციალური დოკუმენტებისა და ინფორმაციის აფხაზურ ენაზე გავრცელება. ხელი შეეწყობა ლიტერატურული ნაწარმოებების აფხაზურ ენაზე თარგმნას.

პარტიის პოზიცია