ლელო საქართველოსთვის
ქვეყნის თავდაცვის პოლიტიკა და ორგანიზაცია მაქსიმალურად იქნება სინქრონიზებული ნატოს და საქართველოს სტრატეგიული პარტნიორი ქვეყნების თავდაცვის სისტემებთან და მექანიზმებთან. „ლელოს“ თავდაცვის კონცეფცია დაემყარება პრინციპს: გონივრული მინიმუმი ყაზარმებში მშვიდობიანობის დროს - აუცილებელი მაქსიმუმი ბრძოლის ველზე ომის დროს. შესაბამისად, თავდაცვითი ომისთვის არა მხოლოდ შეირაღებული ძალები, არამედ მთელი სახელმწიფო მანქანა იქნება მზად და იბრძოლებს. ქვეყნის თავდაცვა დაეფუძნება თავდაცვის ძალებში ნებაყოფლობითი პროფესიული სამხედრო სამსახურის სისტემას, ერთი მხრივ, და სამშობლოს დაცვის კონსტიტუციური ვალდებულების ყველას მიერ შესრულებას, მეორე მხრივ.
ეტაპობრივად გაუქმდება სავალდებულო სამხედრო სამსახურის დღეს მოქმედი მანკიერი სისტემა, რომელიც ვერც ქვეყნის თავდაცვისუნარიანობას ამაღლებს და ვერც ახალგაზრდებში აღვივებს პატრიოტიზმს. მეტიც, საზოგადოების გარკვეული ნაწილი ავლენს თავის მანკიერ თვისებებს და თვალთმაქცობს, უნივერსიტეტებში კურსზე შეგნებულად ჩარჩენისა და ყალბი ღვთისმსახურების ჩათვლით. პირველ ეტაპზე (2021-2022) 6-თვიანი სამხედრო სამსახური სავალდებულო გახდება მხოლოდ თავდაცვის ძალებში. მეორე ეტაპიდან (2023 წლიდან), როდესაც მზად იქნება შესაბამისი ინფრასტრუქტურა, საქართველოს დაცვის კონსტიტუციური ვალდებულების მოხდა დაეკისრება 18-27 წლის ასაკის ორივე სქესის ყველა შრომისუნარიან მოქალაქეს. საკუთარი არჩევანით ახალგაზრდა გაივლის 6-თვიან სამხედრო სამსახურს თავდაცვის ძალებში ან 6-თვიან პროფესიულ სტაჟირებას თავდაცვის სამინისტროს სამოქალაქო ქვედანაყოფებში, რის შემდეგაც იგი ჩაირიცხება თავდაცვის რეზერვში.
გაღრმავდება თანამშრომლობა ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებთან კიბერუსაფრთხოების საკითხებში და კიბერდანაშაულთან ბრძოლაში. შემუშავდება მტრული ძალების მხრიდან დეზინფორმაციასთან ბრძოლის კომპლექსური პროგრამა. სახელმწიფო მმართველობაში დაინერგება სტრატეგიული კომუნიკაციის სისტემა საინფორმაციო შეტევების პრევენციისა და ეფექტური მოგერიებისთვის. ხელი შეეწყობა სამოქალაქო განათლებას მოზღვავებულ საინფორმაციო ნაკადებში ორიენტაციის მიმართულებით. მედიასაშუალებებისა და საინფორმაციო სააგენტოების დაფინანსების წყაროები გახდება სრულად გამჭირვალე.
ომისა და თავდაცვის ძალების ვეტერანებისთვის დღეს არსებული დახმარება გაიზრდება 5-ჯერ. ვეტერანი უფროსი ოფიცრების გამოცდილება უკეთ იქნება გამოყენებული თავდაცვის პოლიტიკის განხილვის, შემუშავებისა და განხორციელებისას. საცხოვრებლის გარეშე დარჩენილი ვეტერანები 2024 წლიდან უზრუნველყოფილი იქნებიან სოციალური საცხოვრისით - ვეტერანთა სახლებით.