შეადარეთ პოლიტიკური პროგრამები თემატურად
ლელო საქართველოსთვის
„ქართული ოცნების“ არცერთი პრემიერ-მინისტრის ყურადღების ფოკუსში სათანადოდ არ მოქცეულა უსაფრთხოების პრობლემატიკა; ვერც მოქმედმა და ვერც მისმა წინამორბედმა პრეზიდენტმა მოახერხა ვითარების გამოსწორება ხან კონსტიტუციური პრობლემების და ხანაც მთავრობის არაკონსტრუქციულობის გამო. შედეგად, მივიღეთ პარადოქსული ვითარება: ამ უმნიშვნელოვანეს სფეროში ხან ორი პარალელური ორგანო არსებობდა (უშიშროების საბჭო და უსაფრთხოების საბჭო), შემდეგ ორივეს გაუქმება გადაწყდა (კონსტიტუციის ახალი რედაქციით გათვალისწინებული „თავდაცვის საბჭო“ ფიქტიური და უსარგებლო ორგანოა, რადგან მხოლოდ ომიანობის დროს იკრიბება, ანუ მაშინ, როცა ურემი გადაბრუნდება) და ბოლოს, პრემიერ-მინისტრთან შეიქმნა დიდწილად პიარული დანიშნულების ორგანო. რაკი უწყებათაშორისი კოორდინაცია სათანადოდ არაა აწყობილი, პასუხისმგებლობა კი გაბნეულია და უსაფრთხოების სფეროში ზოგი ფუძემდებლური დოკუმენტი უმოწყალოდ მოძველებულია (მაგალითად, 2011 წლის ეროვნული უსაფრთხოების კონცეფცია), კანონმდებლობა დახვეწა/ჰარმონიზებას, ხოლო მთლიანად უსაფრთხოების სისტემა გამართვას მოითხოვს. უსაფრთხოების პრობლემატიკამ უნდა დაიმკვიდროს ერთ-ერთი პრიორიტეტული ადგილი ხელისუფლების დღის წესრიგში. მოკლე დროშია აღსადგენი კონსტიტუციური სტატუსის მქონე უსაფრთხოების საბჭო, რომელიც იქნება მუდმივმოქმედი ორგანო, მისი აპარატის შესაბამისი საკადრო/საექსპერტო, საინფორმაციო და სხვა სახის უზრუნველყოფით. უსაფრთხოების სფეროში კანონმდებლობის მოწესრიგების შედეგად უნდა გამოირიცხოს ფუნქციების დუბლირება და პარალელიზმი, მკაფიოდ დადგინდეს და გაიმიჯნოს კომპეტენციები, ვალდებულებები და პასუხისმგებლობა, ხარისხობრივად გაუმჯობესდეს თავდაცვისა და უსაფრთხოების სექტორის საპარლამენტო და სამოქალაქო კონტროლი. სახელმწიფოს უმაღლესი თანამდებობის პირები პერსონალურად და სისტემატურად უნდა მონაწილეობდნენ წვრთნებსა და იმიტაციურ ვარჯიშებში, რათა შეიძინონ ექსტრემალურ (საგანგებო და საომარი მდგომარეობა) და არაორდინარულ (ე.წ. ჰიბრიდული ომის გამოვლინებები) ვითარებაში გადაწყვეტილებების ოპერატიულად მიღება-აღსრულების უნარ-ჩვევები. მთლიანად ქვეყნის უსაფრთხოების სისტემა უნდა აიგოს ნატოს საუკეთესო პრაქტიკის საფუძველზე საქართველოს ადგილმდებარეობის, მისი ტერიტორიების ნაწილის ოკუპაციის, საყოველთაო და სპეციფიკური რისკისა და გამოწვევების გათვალისწინებით.

პარტიის პოზიცია