შეადარეთ პოლიტიკური პროგრამები თემატურად
ლელო საქართველოსთვის
დამოუკიდებელი საქართველოს საგარეო პოლიტიკისა და დიპლომატიის უმნიშვნელოვანესი მიღწევაა ერთდროულად ჩვენს ორივე სამხრეთკავკასიელ მეზობელთან (აზერბაიჯანი და სომხეთი) პარტნიორული, დინამიკურად განვითარებადი ურთიერთობების შენარჩუნება, რაც არაა იოლი ამოცანა ყარაბაღის გამო მოუგვარებელი კონფლიქტის პირობებში. საქართველომ სტაბილურად კარგი ურთიერთობები დაამყარა ყველა ახლო თუ შორეულ მეზობელთანაც (ერთის გამოკლებით) და შეიძინა კეთილმეზობლობასა და თანამშრომლობაზე ორიენტირებული, გახსნილი სახელმწიფოს რეპუტაცია. იგი მოსახერხებელ მოედნად იქცა არა მხოლოდ სხვადასხვა ქვეყნის, არამედ განსხვავებული ცივილიზაციის წარმომადგენელთა კონტაქტებისთვის ბიზნესის, კულტურის, მეცნიერების, განათლებისა და ხელოვნების სფეროებში. საქართველოს საკომუნიკაციო-სატრანზიტო ფუნქცია, მათ შორის ისეთ უმნიშვნელოვანეს სფეროში, როგორიცაა ენერგეტიკა, აქცევს მას შეუცვლელ პარტნიორად როგორც მის აღმოსავლეთით, ისე დასავლეთითა და სამხრეთით მდებარე ქვეყნებისთვის. გეოგრაფიულ მდებარეობასთან შერწყმული მისი გახსნილობა განსაზღვრავს საქართველოს მნიშვნელობას ვრცელი (და ჭრელი) არეალისთვის. თუმცა საქართველოს „რბილი ძალის“ პოტენციალი ჯერ კიდევ გამოუყენებელია და მისი რეალიზების მიმართულებით მუშაობამ გააზრებული და სისტემატური ხასიათი უნდა შეიძინოს საერთო ეროვნულ დონეზე. თავის მხრივ, საქართველოს „საჭიროება“ მრავალი მეზობლისთვის ზრდის მისი უსაფრთხოების ხარისხს, რადგან აგრესია საქართველოს წინააღმდეგ სხვებსაც დააზარალებს. საკმარისია გავიხსენოთ, რომ 2008 წელს რუსეთის არცერთმა მოკავშირემ მხარი არ დაუჭირა მას და დღემდე არცერთს არ უღიარებია აფხაზეთი და ე.წ. სამხრეთი ოსეთი. იმავდროულად, საქართველოს ძალუძს თავისი წვლილის შეტანა შავი ზღვის უსაფრთხოების უზრუნველყოფის პროცესში. 2008 და 2014 წლებში, შესაბამისად საქართველოსა და უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის აგრესიის შედეგად, ძალთა ბალანსი შავ ზღვაზე დაირღვა და მისი უსაფრთხოების საკითხი აქტუალური გახდა ნატოს ფორმატში. სამწუხაროდ, ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის პროექტის ჩაგდებით საქართველოს დღევანდელმა ხელისუფლებამ თითქმის გამოუსწორებელი ზიანი მიაყენა ქვეყნის სტრატეგიულ ინტერესებს. პორტი მაინც აშენდება და უმნიშვნელოვანეს როლს შეასრულებს ქვეყნის ეკონომიკის აღმავლობასა და უსაფრთხოების განმტკიცებაში, მაგრამ დაიკარგა რამდენიმე ძვირფასი წელიწადი, რამაც რუსეთს კონტრზომების მიღების საშუალება მისცა.

პარტიის პოზიცია