შეადარეთ პოლიტიკური პროგრამები თემატურად
ლელო საქართველოსთვის

„ახალი საგარეო ფილოსოფია“ ჩვენ გვაქვს ახალი საგარეო ფილოსოფია - საგარეო პოლიტიკის ეფექტიანობა იზომება იმით, თუ რამდენად კარგად ემსახურება საგარეო პოლიტიკა საშინაო პოლიტიკის ინტერესებს, პირველ რიგში კი, ადამიანთა დაცულობასა და კეთილდღეობას. ჩვენი საგარეო პოლიტიკის მიზანია საქართველოს საუკეთესო ეროვნული ინტერესებისა და საქართველოს მოქალაქეების კეთილდღეობის დაცვა. საგარეო პოლიტიკა იწყება არა გარეთ, არამედ ქვეყნის შიგნით. მაქსიმალური საერთაშორისო მხარდაჭერის მოსაპოვებლად, უმნიშვნელოვანესია სწორი ქვეყნის შენება კონსოლიდირებული დემოკრატიული ინსტიტუტებით, ჯანსაღი და მზარდი ეკონომიკით, სტაბილური პოლიტიკური სისტემით, სოციალური დაცულობით, უსაფრთხოებისა და თავდაცვის ეფექტიანი სისტემებით, რეფორმირებული მართლმსაჯულებისა და სამართალდამცავი სისტემებით. სწორედ ამ საშინაო მიზნების აღსრულებით იწყება სწორი საგარეო პოლიტიკის წარმოებაც, რადგან მხოლოდ სწორი პოლიტიკური სისტემებისა და შინაარსის მქონე საქართველოს შეუძლია როგორც თავისი ღირსეული ადგილის დამკვიდრება საერთაშორისო ასპარეზზე, ისე აუცილებელი საერთაშორისო მხარდაჭერის მოპოვება.

 

„პროაქტიური საგარეო პოლიტიკა“ საქართველოს დღემდე არ გააჩნია პროაქტიური საგარეო კურსი; იგი მიჰყვება დინებას, მაგრამ ვერ ქმნის თავის სუვერენულ საგარეო პოლიტიკურ კურსს. ჩვენი მიზანია, საქართველო გახდეს სახელმწიფო თავისი სუვერენული საგარეო პოლიტიკითა და ინტერესებით. საქართველომ უნდა დაიმკვიდროს კუთვნილი ადგილი არა მხოლოდ სამხრეთ კავკასიის, არამედ ფართო რეგიონის საერთაშორისო ურთიერთობებსა და დიპლომატიაში. დღეს საქართველო, ძირითადად, პრობლემებთან ასოცირდება; ამის ნაცვლად, საქართველომ უნდა შეძლოს და გახდეს პრობლემების მოგვარების ერთ-ერთი ხელის შემწყობი. მათ შორის, როგორც სამხრეთ კავკასიის მნიშვნელოვანმა პოლიტიკურმა ცენტრმა, საქართველომ უნდა იტვირთოს აქტიური როლი რეგიონალური მშვიდობის უზრუნველყოფის პროცესში. პროაქტიური საგარეო ფილოსოფიის კვალდაკვალ, „ლელო“ განსაკუთრებულ ყურადღებას, უპირველეს ყოვლისა, მიაპყრობს საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის ახალ ძალისხმევას, დავამყარებთ უფრო ფართო მეტ და ქმედით ურთიერთთანამშრომლობას პარტნიორ ქვეყნებთან, საერთაშორისო ორგანიზაციებთან, პირდაპირი ურთიერთობა გვექნება რუსეთის გავლენაში მოქცეულ რისკ-ჯგუფის ქვეყნებთან საქართველოს ეროვნული ინტერესების ლობირებისთვის. ამასთანავე, ვიზრუნებთ, რომ შეიქმნას ახალი ინტერსახელმწიფოებრივი ფორმატი საქართველოს დეოკუპაციის ხელშესაწყობად.

პარტიის პოზიცია