შეადარეთ პოლიტიკური პროგრამები თემატურად
ლელო საქართველოსთვის
დღევანდელ საქართველოში სამოქალაქო სექტორის განვითარების გზა გადის მრავალპარტიული თვითმმართველობის დამკვიდრებაზე. აქტიური მოქალაქეობრივი სულისკვეთების მასობრივად გავრცელების (რაც მხოლოდ რეალური თვითმმართველობით მიიღწევა) და იდეების თავისუფალი ბაზრის გარეშე (რაც მხოლოდ მრავალპარტიულობით მიიღწევა), არასამთავრობო ორგანიზაციების უდიდესი უმრავლესობა თვითდასაქმების სოციალური ფუნქციით თუ შემოიფარგლება. ამ ორი მიზნის მიღწევას, მცირერიცხოვან პარტნიორებთან ერთად და მოკლევადიანი პარტნიორობის პირობებში, თავად სამოქალაქო სექტორი უკვე 30 წელია ამაოდ ცდილობდა საქართველოში. ვერ დაინახო ეს რეალობა, ვერ გაიაზრო არასამთავრობოების როლი და შესაძლებლობები, სამოქალაქო სექტორის მხარდაჭერის ნაცადი გზებისა და მეთოდების ინტენსიფიკაციაზე ორიენტირება დიდი ბიუროკრატიული შეცდომა იქნებოდა. სამწუხაროდ, დღეს თავად სამოქალაქო სექტორის იდეაა გადასარჩენი და ამის გარეშე სამოქალაქო სექტორის ტექნიკური, ინსტიტუციური და ფინანსური გაძლიერების მცდელობა მხოლოდ კრახის სიმწვავეს გაამძაფრებს. სამოქალაქო საზოგადოების განვითარების პოლიტიკა უნდა კონცენტრირდეს მოთხოვნის გაზრდაზე - თვითმმართველობა და მრავალპარტიულობა, მრავალპარტიულობა და თვითმმართველობა არის ჩიხიდან თავის დაღწევის გზა. სწორედ თვითმმართველობას შეუძლია გახდეს სამოქალაქო სექტორის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი პარტნიორი, რომელიც მას გააძლიერებს და საზოგადოების ფუნქციონირების სხვა სფეროებშიც ახალ სიტყვას ათქმევინებს. ჩვენთვის მიუღებელია სამოქალაქო საზოგადოების ღია თუ ფარული დისკრედიტაციისა და მარგინალიზაციის პოლიტიკა. „ლელო“ ხელს შეუწყობს პოლიტიკის დაგეგმვასა და განხორციელებაში სამოქალაქო საზოგადოების ეფექტურ ჩართულობას, ხელისუფლების გახსნილობას სამოქალაქო საზოგადოების მიმართ და მუდმივ დიალოგს. ჩვენ სამოქალაქო საზოგადოებას ვუყურებთ როგორც პარტნიორს მნიშვნელოვანი რეფორმების პროცესში.

პარტიის პოზიცია