შეადარეთ პოლიტიკური პროგრამები თემატურად
ლელო საქართველოსთვის
თანამედროვე ცხოვრების პირობებში ავტოსატრანსპორტო საშუალება ყოველდღიური მოთხოვნილების საგანია და არა ფუფუნების ან პროფესიული საქმიანობის, როგორც ეს თუნდაც ორიოდე ათეული წლის წინ იყო. აქედან გამომდინარე, ავტოსატრანსპორტო საშუალების მართვის უნარ-ჩვევების ცოდნა ყოველი ახალგაზრდისთვის თითქმის ისევე აუცილებელი ხდება, როგორც კომპიუტერთან მუშაობა. ამიტომაც „ლელო“ საზოგადოებას სთავაზობს, 2021-2022 სასწავლო წლიდან საშუალო სკოლების მე-12 კლასის სასწავლო პროგრამით გათვალისწინებული იყოს მართვის მოწმობის ასაღებად საჭირო თეორიული და პრაქტიკული კურსის გავლა, ხოლო გამოცდის წარმატებით ჩაბარების შემთხვევაში 17 წლის ახალგაზრდებს გადაეცემათ მართვის მოწმობა. ამ სპეციფიკური სასკოლო კურსის ორგანიზებაში საკონტრაქტო საფუძველზე ჩაერთვებიან კერძო კომპანიები, ხოლო ხარჯებს სახელმწიფო დაფარავს, ისევე როგორც ფარავს საშუალო სკოლაში ფიზიკის ან ისტორიის სწავლების ხარჯებს. ბუნებრივია, ამ კურსის ფარგლებში შევა საგზაო უსაფრთხოების წესების სწავლებაც, რაც საქართველოში ქვეითად მოსიარულეებისთვის არანაკლებ საშური საქმეა, ვიდრე მძღოლებისთვის. შედეგად, მივიღებთ გაცილებით უფრო კვალიფიციურ დამწყებ მძღოლებს, მართვის მოწმობის მიღება აღარ დაუკავშირდება დამატებით ორგანიზაციულ პრობლემებს და დროის ხარჯვას, ხელმოკლე ოჯახები მიიღებენ მნიშვნელოვან ფინანსურ შეღავათს. მიუხედავად იმისა, რომ საქართველომ ხელი მოაწერა ევროპასთან ასოცირების ხელშეკრულებას, ჯერ კიდევ არ არის შეტანილი შესაბამისი ცვლილებები კანონში „საგზაო მოძრაობის შესახებ“ იმისთვის, რომ ამაღლდეს საქართველოში მოქმედი საგზაო მოძრაობის სტანდარტები, მათ შორის, უსაფრთხოების მიმართულებითაც. აღნიშნულ საკანონმდებლო ცვლილებებთან ერთად შემუშავდება კომპლექსური გეგმა საქალაქო და საქალაქთაშორისო მგზავრთა გადაყვანის სისტემის მოსაწესრიგებლად და უსაფრთხოების გასაზრდელად.

პარტიის პოზიცია