შეადარეთ პოლიტიკური პროგრამები თემატურად
ლელო საქართველოსთვის
ამ სფეროში ჩვენ ჯერ კიდევ ვერ „მოვასწარით“ ყველაფრის განადგურება და გვაქვს მოსავლელიც, გადასარჩენიც და აღსადგენიც. ეკოლოგიური და ფიზიკური სისტემების სტაბილურობისთვის საჭიროა მდგრადი განვითარების პრინციპებზე დაფუძნებული გარემოსდაცვითი პოლიტიკის გატარება ეროვნული კანონმდებლობის ჰარმონიზაციით ევროგაერთიანების კანონმდებლობასთან. დიდი ჰესების მშენებლობა დაექვემდებარება გარემოზე ზემოქმედების ევროპულ სტანდარტს, რომელიც ძალაში შესვლამდე გამოქვეყნდება საყოველთაო, მათ შორის, საერთაშორისო გარემოსდაცვითი ორგანიზაციების განსახილველად. საკანონმდებლო საქმიანობაში, რეგულაციური ზემოქმედების ანალიზის ფარგლებში, სავალდებულო გახდება ყოველი ახალი კანონპროექტის გარემოზე ზემოქმედების ანალიზი. ხელი შეეწყობა: განახლებადი ენერგიების ფართოდ გამოყენებას; ატმოსფერული ჰაერის დაბინძურების შემცირებას; წყლისა და ნარჩენების მენეჯმენტის გაუმჯობესებას; ქალაქებში მწვანე ნარგავების კვოტების დადგენას; მწვანე საფრის აღდგენასა და ახლის გაშენებას; დაცული ტერიტორიების სისტემის გაძლიერებას; კერძო სექტორისთვის სამოტივაციო სისტემების შექმნას და სხვა. სიჯანსაღესთან ერთად საჭიროა საცხოვრებელი გარემოს უსაფრთხოების უზრუნველყოფა. შეიქმნება სტიქიური მოვლენების პროგნოზირების, თავიდან აცილების, მათთან გამკლავების, მოსახლეობის ინფორმირებისა და განათლების ეფექტური სისტემა, რომელიც დღეს უწყებრივ ლაბირინთებშია ჩაკარგული. ცხოველთა დაცვის პოლიტიკის არქონის გამო საქართველოში სულ უფრო იზრდება მიუსაფარ ცხოველთა რაოდენობა, მძიმდება მათი მდგომარეობა, იზრდება საფრთხე მოსახლეობისთვის და მახინჯდება საზოგადოების აღქმას ცხოველთა მიმართ. წლების განმავლობაში უსახლკარო შინაური ცხოველების მექანიკური განადგურების მანკიერი პრაქტიკა პრობლემას უფრო ამძიმებს. ხელი მოეწერება შინაური ცხოველების დაცვის ევროპულ კონვენციას და მიღებული იქნება კანონი „შინაურ და მიუსაფარ ცხოველთა შესახებ“. საქართველოს ყველა მუნიციპალიტეტში მოეწყობა თავშესაფარი, რომელიც მიუსაფარ ცხოველთა ვაქცინაციას, სტერილიზაციას, კასტრაციასა და მკურნალობას უზრუნველყოფს. პატრონები ვალდებულები იქნებიან დაარეგისტრირონ თავიანთი ცხოველი შინაურ ბინადართა ბაზაში და იზრუნონ მათზე. ცხოველთა გამრავლების უფლება შემდგომ გასხვისების მიზნით ექნებათ მხოლოდ ლიცენზირებულ პირებს. საგანმანათლებლო დაწესებულებებში დაინერგება სპეციალური საგანმანათლებლო პროგრამა ცხოველთან მოპყრობის შესახებ. გამკაცრდება სანქციები ცხოველთა მიმართ ძალადობასა და არასათანადო მოპყრობაზე.

პარტიის პოზიცია