„ლელოს“ ერთ-ერთი პრიორიტეტია შექმნას ბავშვზე ორიენტირებული სახელმწიფო: ეკონომიკაში, სოციალურ პოლიტიკაში, განათლებაში, ჯანდაცვასა და მართლმსაჯულებაში. „ლელოს“ უპირველესი ამოცანაა „არც ერთი ბავშვი საცხოვრებლის და სკოლის გარეშე“, რაც 4- წლიანი კომპლექსური პროგრამით გადაიჭრება. ძალადობის მსხვერპლ ბავშვთა და არასრულწლოვანთა დახმარების მიზნით და მათი ინდივიდუალური საჭიროებების გათვალისწინებით მომზადდება სპეციალური სარეაბილიტაციო პროგრამები. არასრულწლოვანთა აზარტულ თამაშებში ჩართულობის პრევენციისთვის გატარდება შესაბამისი სამართლებრივი და ტექნიკური ზომები. დაინერგება ბავშვთა უკიდურესი სიღარიბის დაძლევასა და ცხოვრების დონის გაუმჯობესებაზე ორიენტირებული სოციალური მხარდაჭერის პროგრამები და სერვისები, რომლებიც მოერგება მუნიციპალიტეტების მიერ სიღარიბეში მცხოვრები ოჯახების აღრიცხვის შედეგად გამოვლენილ საჭიროებებს. გაძლიერდება შშმ ბავშვების სახელმწიფო პროგრამები და სერვისები - გაუმჯობესდება სპეციალურ დღის ცენტრებში ბენეფიციართათვის შესაბამისი სერვისების მიწოდების ხარისხი. ოჯახში ძალადობისა და ადრეული ქორწინების პრევენციისთვის გაძლიერდება სოციალური მუშაკის ინსტიტუტი, რადგან სწორედ ამ რგოლს ეკისრება ოჯახში ძალადობის მსხვერპლთა გამოვლენა და კანონით განსაზღვრული ღონისძიებების ჩატარება. საზოგადოების ცნობიერების ამაღლების კუთხით ოჯახში ძალადობასა და ადრეულ ქორწინებასთან დაკავშირებული საკითხები ინტეგრირდება სასწავლო გეგმებში. ეთნიკური უმცირესობით დასახლებულ რეგიონებში ცნობიერების ამაღლებასთან დაკავშირებული პროგრამები განხორციელდება შესაბამის ენაზე. განათლების სისტემაში, ძირეული რეფორმების ფარგლებში, დაიხვეწება მანდატურის სამსახურის ფუნქციები და უფლება-მოვალეობები, რასაც ასევე დაემატება ბავშვთა და არასრულწლოვანთა ფსიქოლოგიური მხარდაჭერის ეფექტური პროგრამები. შვილად აყვანის პროცედურასთან დაკავშირებით, აღმოიფხვრება ყველა ის ხარვეზი, რაც გაშვილების პროცესში ბავშვის ფსიქოლოგიურ მომზადებასა და მისი უფლებების სრულ დაცვას უზრუნველყოფს. ევროპის საბჭოს კონვენციის შესაბამისად შემუშავდება სამოქმედო გეგმა „სექსუალური ექსპლუატაციისა და სექსუალური ძალადობისგან ბავშვთა დაცვის შესახებ“. სრულფასოვნად ამოქმედდება „არასრულწლოვანთა კოდექსი“ და მართლმსაჯულების სისტემა მოერგება ბავშვის ინტერესების საუკეთესოდ დაცვას.